logo_geo
eng_logo
პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია სამი პირი
- +

15 ივნისი. 2021. 11:14

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული,
წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1986 წელს დაბადებული გ.წ.
ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.


დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ასევე დააკავა 1987 წელს დაბადებული კ.გ., რომელმაც ყაჩაღური
თავდასხმის შედეგად მოპოვებული ოქროს ნივთები ქალაქ ქუთაისში, ოქროს
ნივთებით მოვაჭრე ერთ-ერთ ქალბატონზე გაასაღა. აგრეთვე, იგი საცხოვრებელ
ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას.


გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს, გ.მ. და გ.წ.
ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისში, ს. ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი
საცხოვრებელი სახლის მეპატრონეს და დანის მუქარით, 40 000 ლარის
ღირებულების ოქროს ნივთები გასტაცეს.


სამართალდამცველებმა ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად
ამოიღეს. ერთ-ერთი ბრალდებული კ.გ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი
ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის
„ბ“ და "გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,
რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ბინაში უკანონო
შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner