logo_geo
eng_logo
სოფელ შავშვებთან მომხდარი ავარიის ფაქტზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, მძღოლს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

15 ივნისი. 2021. 21:15

 

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გორის რაიონის სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მ.ს.-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, გორის რაიონის სოფელ შავშვებთან გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა სამოძრაო ზოლში, დასავლეთის მიმართულებით მოძრავმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მ.ს.-მ ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ყოველგვარი ხელისშემშლელი გარემოებების გარეშე გადავიდა საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, სადაც შეეჯახა სარეზერვო ზოლში გაჩერებულ სამგზავრო მიკროავტობუსს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ბ.რ. და მისი მგზავრები - ო.ჯ., ბ.შ., ი.გ., ე.ა. და გ.ჯ. გარდაიცვალნენ, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს გ.ვ.-მ და ლ.ჯ.-მ.

 

სამართალდამცველებმა მ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ექვსი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.

 

გორის რაიონულმა სასამართლომ მ.ს. სრულიად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, წარდგენილი ბრალდებისათვის გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, მასვე სამი წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner