logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ჯანსაღი და სწორი ადრეული განათლება ჩვენი ახალგაზრდების წარტმატების საფუძველია
- +

18 ივლისი. 2016. 17:57



თბილისის მერი დავით ნარმანია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ახალი რეფორმის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის განხორციელების გეგმა. პირველად საქართველოში შეიქმნა კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნულ სტანდარტების დამკვიდრებას ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში, ინკლუზიური, ადრეული და სკოლამდელი განათლებისთვის, რათა ყველა ბავშვს საქართველოში ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი, უფასო სკოლამდელი განათლება.


დავით ნარმანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონი უზრუნველყოფს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ყველასთვის ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის ჩამოყალიბებას.


„მყარი, ჯანსაღი და სწორი ადრეული განათლება არის საფუძველი იმისა, რომ მომავალი თაობა, ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ წარმატებულები, განათლებულები, მოტივირებულები. ჰქონდეთ მაღალანაზღაურებადი სამსახურები, იყვნენ კონკურენტუნარიანები და პროფესიონალები საკუთარ საქმეში. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ სწორად იქნეს შერჩეული ის მიდგომები, ის მეთოდები, რომლებსაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდა - განათლების საფეხურზე გამოვიყენებთ. მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, გამჭვირვალე, ინკლუზიური, ანგარიშვალდებულების პრინციპზე დაფუძნებული ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი ვალდებულებაა. სწორედ, ახალი ხედვა, რეფორმა და მკაფიო საკანონმდებლო ნორმები მოგვცემს შესაძლებლობას ეს გამოწვევა წარმატებით დავძლიოთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


რეფორმა გაეროს ბავშვთა ფონდის (უნისეფის), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვა სამინისტროების მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას, ასევე დეპუტატების, გედევან ფოფხაძის და ოთარ ჩრდილელის მიერ იყო ინიცირებული. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner