logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქართველმა ხალხმა დააფუძნა და თუ ვინმეს ეკუთვნის იგი, პირველყოვლისა, ეკუთვნის ქართველ ხალხს
- +

0 . 0000. 00:00

 

კაი ყმა

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ახალი საინტერესო სახე გამოჩნდა, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა ალუდა ღუდუშაური.

 

ბატონმა ალუდამ ჩემი ყურადღება პირველად თავისი სახელით მიიქცია, რომელსაც უცაბედად გადაჰყავხარ ვაჟა-ფშაველას მისტიკურ სამყაროში და აუცილებლად გაგახსენებს ამ სტრიქონებს:

„ალუდა ქეთელაური

კაცია დავლათიანი.

საფიხვნოს თავში დაჯდების,

სიტყვა მაუდის გზიანი“.

 

ბატონი ალუდა არ არის ქეთელაური, მაგრამ არანაკლებ სახელიანი გვარის წარმომადგენელია, რომელმაც ბევრი ღირსეული შვილი აღუზარდა საქართველოს.

ალუდა ღუდუშაურს რომ უსმენ, რწმუნდები, რომ ისიც, თავის სეხნიასავით, დავლათიანი კაცია, სიტყვაც გზიანი მაუდის და, თუ საჭირო გახდება, ფხიან „ფრანგულსაც“ ვაჟკაცურად მოიქნევს.

 

ბატონი ალუდას ბევრი გამოსვლა ვნახე, ბევრ დებატსა და დისკუსიას ვუსმინე მისი მონაწილეობით. ის ნამდვილად გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციით, პროფესიონალიზმით, პრინციპულობით და, რაც მთავარია, მის საუბარს რომ უსმენ, ხვდები, რომ ეს არის კაცი, რომელსაც ღირსების გრძნობა გააჩნია.

ნამდვილი ქართველია ბატონი ალუდა ღუდუშაური, არა მარტო თავისი გარეგნობით, არამედ თავისი ხასიათით, თავდაჭერილობით, მოზომილი სიტყვა-პასუხით, სიდარბაისლით.

 

– ნამდვილი ქართველი რას ნიშნავს? ქართველები არ ვართ ყველა? – შემომეპასუხებიან, ალბათ, ვიღაც-ვიღაცები.

სამწუხაროდ, დრო დადგა ისეთი, რომ შეიძლება ადამიანს სახელიც ქართული ჰქონდეს, გვარიც, ეროვნებითაც ქართველი იყოს, მაგრამ მაინც არ ჰგავდეს ქართველს თავისი საქციელით.

ფალსიფიცირებულ ქართველებს ვეძახი მე ამისთანებს და, ვაი, რომ ასეთი ფალსიფიცირებული ქართველები ძალიან მომრავლდნენ საქართველოში, განსაკუთრებით – პოლიტიკაში.

 

ქართველი კაცი სახალხოდ, საჯაროდ ჭორიკნობას რომ დაიწყებს, ქართველი კაცი ოპონენტს დედაკაცივით რომ დასწყევლის და ქოქოლას მიაყრის, ქართველი კაცი მეტოქეს და მოწინააღმდეგეს ცილს რომ დასწამებს, გალანძღავს, ათას სისაძაგლეს დააბრალებს, ასეთ კაცს ქართველი არ ეთქმის – ის გადაგვარებულია, გადაჯიშებულია, გადაკეთებულია, ოღონდ ის ამას თვითონ ვერ ხვდება და ვერ გრძნობს.

ქართველმა კაცმა სიყვარულიც იცოდა, მეგობრობაც, მაგრამ ასევე იცოდა მტრობაც, ოღონდ ამ მტრობას თავისი წესი და ურთიერთობის კოდექსი ჰქონდა, საიდანაც გადახვევა დიდ სირცხვილად ითვლებოდა.

ქართველი კაცი თავის მტერზე აუგს არ იტყოდა – არ დააკნინებდა, არ დაამცირებდა, რადგან თვლიდა, რომ მტრის დაკნინება საკუთარი თავის დაკნინებასაც ნიშნავდა.

„ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“.

 

მერე რა, რომ მტერია – კარგი ვაჟკაცის მტერიც კარგი ვაჟკაცია, ცუდის კიდევ მასავით ცუდი – ასეთი იყო ქართველი კაცის ფილოსოფია, რომელიც დღეს ბევრისთვის შეიძლება უცხო და გაუგებარი იყოს.

ალუდა ღუდუშაური როცა „ქართული ოცნების“ „მტრებზე“, ანუ ოპონენტებზე ლაპარაკობს, ლაპარაკობს პრინციპულად, მკაცრად, მაგრამ კორექტულად, სამართლიანად, დასაბუთებულად.

 

საქართველოს აქვს თავისი სახელმწიფო კონსტიტუცია, მაგრამ მას აქვს მეორე, დაუწერელი კონსტიტუციაც. ეს ის კონსტიტუციაა, რომელსაც ერი თავისი არსებობის მანძილზე ქმნიდა თავისი გამოცდილების, თავისი ზნისა და ხასიათის, თავისი იდენტობის შესაბამისად.

ერი, როცა ამ კონსტიტუციას გადაუხვევს, როცა ამ კონსტიტუციას ივიწყებს და შორდება, ის შორდება საკუთარ თავს, ნელ-ნელა წყდება საკუთარ ფესვებს და საკუთარ იდენტობას, რაც, ფაქტობრივად, გაქრობის და გადაშენების საგანგაშო სიმპტომებია.

 

სამწუხაროდ, ამ რთულ ეპოქაში, საქართველოც არ არის დაზღვეული, ნელ-ნელა დაკარგოს თავისი იდენტობა და განუმეორებელი თავისთავადობა, სხვის ტყავში შესული კი ნელ-ნელა გაქრეს და გაუჩინარდეს გლობალიზაციის მღვრიე ოკეანეში.

 

ალუდა ღუდუშაურის მსგავს ქართველებს რომ ვხედავ, გული იმედით მევსება – იქნებ, გავუძლოთ ამ ქარტეხილებს, იქნებ, გავაღწიოთ სამშვიდობოზე?

კიდევ ერთი კარგი თვისება, რაც ამ ადამიანში მომწონს – ის როცა საუბრობს, არ იზღუდება მხოლოდ ვიწრო პარტიული ჩარჩოებით და მხოლოდ თავის „ქართულ ოცნებას“ კი არ იცავს, არამედ ამ საუბრის მიღმა, მის ქვეტექსტში ყოველთვის იგულისხმება ქართული სახელმწიფოს ინტერესები.

 

რადგან „ქართულ ოცნებაზე“ ჩამოვარდა სიტყვა, ერთსაც ვიტყვი და ამით დავამთავრებ: „ქართული ოცნება“ არ არის პოლიტიკოსთა რომელიღაც ჯგუფის პარტიული საკუთრება, ის ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქართველმა ხალხმა დააფუძნა და თუ ვინმეს ეკუთვნის იგი, პირველყოვლისა, ეკუთვნის ქართველ ხალხს.

 

დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, არც ერთი სახელისუფლო პარტია არ ყოფილა ისეთი წნეხისა და ზეწოლის ქვეშ, ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან, როგორც „ქართული ოცნება“.

მას უამრავ ხელოვნურ დაბრკოლებას უქმნიდნენ, რომ როგორმე შეეფერხებინათ ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი, ხოლო ის უწყვეტი შტურმი, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მისამართით ხორციელდებოდა, ეს იყო ნამდვილი პოლიტიკური დევნა, რომელიც დღემდე გრძელდება.

 

„ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, რომელმაც გაანიავა, გაასხვისა, გაყიდა საქართველო და უკან 20%-ით დაპატარავებული და შეკვეცილი ქვეყანა დაგვიბრუნა, „ქართულ ოცნებას“ არაფერი დაუკარგავს, არაფერი დაუთმია, არაფერი გაუყიდია, არაფერი გაუჩუქებია.

მიუხედავად ამისა, შანტაჟი და ზეწოლა „ქართული ოცნების“ მისამართით გრძელდება და სულ უფრო და უფრო მახინჯ ფორმებს იღებს.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სავალდებულო ნორმად დაწესებული 43% ვერ აიღოს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, თითქოს თვითმმართველობის არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები რაიმე კავშირში იყოს ერთმანეთთან.

 

ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გამოიჩინოს წინდახედულება, გამბედაობა, სიმამაცე და არ უნდა დაუშვას იმ მზაკვრული სცენარის განხორციელება, რომელიც ქვეყანას ახლო მომავალში დიდ განსაცდელს გადაჰყრის.

ამ ძნელბედობის ჟამს სერიოზული როლის შესრულება შეუძლიათ ალუდა ღუდუშაურისნაირ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ „ქართული ოცნების“ კი არა, ქართული სახელმწიფოს ინტერესებს დაიცავენ თავიანთი პრინციპულობით, პირდაპირობით, გნებავთ, ვაჟკაცობით.

რაც უფრო მეტი ალუდა ღუდუშაური ეყოლება „ქართულ ოცნებას“ მით უფრო კარგი საქართველოსთვის…

 

ვახტანგ ხარჩილავა

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner