„„ქართული ოცნება“ არ არის პოლიტიკოსთა რომელიღაც ჯგუფის პარტიული საკუთრება, ის ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქართველმა ხალხმა დააფუძნა და თუ ვინმეს ეკუთვნის იგი, პირველყოვლისა, ეკუთვნის ქართველ ხალხს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ვახტანგ ხარჩილავა „საერთო გაზეთში“ წერს.
„დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, არც ერთი სახელისუფლო პარტია არ ყოფილა ისეთი წნეხისა და ზეწოლის ქვეშ, ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან, როგორც „ქართული ოცნება“.
მას უამრავ ხელოვნურ დაბრკოლებას უქმნიდნენ, რომ როგორმე შეეფერხებინათ ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი, ხოლო ის უწყვეტი შტურმი, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მისამართით ხორციელდებოდა, ეს იყო ნამდვილი პოლიტიკური დევნა, რომელიც დღემდე გრძელდება.
„ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, რომელმაც გაანიავა, გაასხვისა, გაყიდა საქართველო და უკან 20%-ით დაპატარავებული და შეკვეცილი ქვეყანა დაგვიბრუნა, „ქართულ ოცნებას“ არაფერი დაუკარგავს, არაფერი დაუთმია, არაფერი გაუყიდია, არაფერი გაუჩუქებია.
მიუხედავად ამისა, შანტაჟი და ზეწოლა „ქართული ოცნების“ მისამართით გრძელდება და სულ უფრო და უფრო მახინჯ ფორმებს იღებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სავალდებულო ნორმად დაწესებული 43% ვერ აიღოს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, თითქოს თვითმმართველობის არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები რაიმე კავშირში იყოს ერთმანეთთან.
ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გამოიჩინოს წინდახედულება, გამბედაობა, სიმამაცე და არ უნდა დაუშვას იმ მზაკვრული სცენარის განხორციელება, რომელიც ქვეყანას ახლო მომავალში დიდ განსაცდელს გადაჰყრის“, - წერს ხარჩილავა.