საგურამოში „ქართული ოცნების" ახალი წევრების წარდგენას ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა. მათ შორის იყო ცნობილი მსახიობი ლალი ბადურაშვილი, რომელმაც „ქართული ოცნების" ახალი სახეები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ" 4 წლის განმავლობაში ბევრი კარგი რამ გააკეთა.
„ძირითადად ახალგაზრდა იურისტები არიან, რაც ჩემი აზრით, კარგია, რადგან პარლამენტი მაინც იურისტების საქმეა. ვნახოთ, ახალი სახეები რას იზამენ და როგორ, ამასაც დრო გვიჩვენებს.
საქმე ისაა, რომ იმდენი კარგი გოგო-ბიჭი მინახავს, მაგრამ პარლამენტში რომ მოხვდებიან, მერე სრული ცვლილება და მეტამორფოზა ხდება. მთავარია, არ დაივიწყონ, ვისი გორისანი არიან, ქართული ინტერესები არ დაივიწყონ.
ძველი სახეებიდან მათ უმრავლესობას ნაკლებად ვიცნობ, ჩემთვის მთავარია, ტელევიზიაში როგორ გამოდიან.
მე მაქვს „ქართული ოცნების" იმედი, რადგან ეს ის მთავრობაა, რომელსაც არავინ დაუტერორებია, ქუჩაში არავინ მოუკლავს, 300 ათასი ადამიანი პრობაციონერი არ გამხდარა და არ იძახის „ყველანი ციხეშიო".
ოთხ წელიწადში ჯანდაცვა შეძლეს, სოფლის მეურნეობასაც ასე თუ ისე, მიხედეს და ახლა რაც ჩვენ გვინდა, ძალიან რთულია, ამისთვის ევროპასაც და ამერიკასაც 200 წელი დასჭირდა. ამიტომ ვარ „ოცნების" მომხრე, თორემ მე მათი წევრიც არ ვარ, მხოლოდ მხარდამჭერი ვარ, რადგან მშვიდობის განცდა მაქვს, არ მეშინია, რომ ხვალ სამოქალაქო ომი ატყდება, ვიღაც პროვოკაციას დაიწყებს", - ამბობს ლალი ბადურაშვილი.