logo_geo
eng_logo
გია მურღულია: სანამ ერთი ჩვენგანი მაინც ცოცხალია, ჩვენი გაკვეთილები გრძელდება
- +

16 ივნისი. 2021. 15:24

 

 

ლიტერატორი, სკოლა „ლოგოსის“ დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი გია მურღულია სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

 

„რ ა ც     მ ა შ ი ნ    ი ყ ო . . .

 

სალამი ჩემს თანაკლასელებს!

 

ამ სასწავლო წლის უკანასკნელი კვირა დაიწყო. ჩემს მოსწავლეებს ვუყურებ და თქვენ მახსენდებით. ბოლო გაკვეთილი 1971 წელს ჩაგვიტარდა ანუ 50 წლის წინ. დიდი დრო გავიდა, მაგრამ ჩვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? - ერთმანეთს რომ ვუყურებთ, ეს 50 წელი უკვალოდ ქრება და ის დღეები ბრუნდება, ყოველდღე ერთად რომ ვიყავით.

 

გახსოვთ, ბიოლოგიის გაკვეთილზე ჩონჩხს რომ ტანსაცმელი ჩავაცვით, ქუდი დავახურეთ და გაკვეთილზე შემოსული მასწავლებელი მოსასულიერებელი გაგვიხდა?

 

ის თუ გახსოვთ, ჩვენი დირექტორი, ლეო ჩიქვანაია რომ კარგა ხანს გვაფრთხილებდა ბიჭებს, ეს გრძელი თმები მოიშორეთო, ბოლოს, რომ არ შევისმინეთ, კლასში შემოვიდა პირველ გაკვეთილზე დიდი მაკრატლით და ყველას აქა-იქ კულულები შეგვჭრა? რაღა უნდა გვექნა და თავები გადავიპარსეთ. კაი ხანს რას ვლაპლაპებდით?!

 

ქოლერის ეპიდემიის დროს მეორე სართულიდან ერთმანეთს გადაბმული პირსახოცებით რომ ჩამოვიპარეთ შატალოზე წასასვლელად, ჩამოსვლა რომ გვაცალეს და იმავე პირსახოცებით უკან რომ დაგვაბრუნეს?

 

50 წელიწადი ზოგიერთის მთელი ცხოვრებაა.

 

იმათ ვიხსენებ, ვინც ჩვენ შორის აღარ არიან - მათ გამოხედვას, ღიმილს, დაუსრულებელ ხუმრობებს, ზოგჯერ წყენასა და სევდას, სიზარმაცესა თუ გარჯას - მოკლედ, სასკოლო ცხოვრებას. რა ნიჭიერები იყვნენ, რა თავისუფლები, როგორი ინდივიდუალურები. როგორ მღეროდნენ, ილხენდნენ, ფიქრობდნენ და აკეთებდნენ დასამახსოვრებელ საქმეებს.

 

ეს მხოლოდ ხანდახან გვგონია, რომ სასწავლო წელი მთავრდება.

 

სანამ ერთი ჩვენგანი მაინც ცოცხალია, ჩვენი გაკვეთილები გრძელდება.

 

სალამი პირველ ექსპერიმენტულ სკოლას!

 

ჩვენ ისევ შენს კედლებში ვართ და შენთან გატარებული არცერთი დღე არ გვავიწყდება.

 

ჩვენ კლასსაც ისევ შეუძლია თქვას:

 

„ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“

 

ყველა აქ ვართ და არსად წასვლას არ ვაპირებთ - ისევე როგორც მარადისობა არ მიდის არსად, როდესაც ვინმე უყვარს“, - წერს გია მურღულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner