აბუ-გრეიბი ქართულად
თავი მეშვიდე: ჯარისკაცის დრამა
საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტი როინ შავაძე ცხინვალიდან ბათუმში - საკუთარ სახლში - 2008 წლის 14 აგვისტოს დაბრუნდა;
მართალია, ომიდან ცოცხალი და უვნებელი ჩამოვიდა, მაგრამ სამშობლოსთან ერთად დამარცხებულსა და ბრძოლის ველზე თანამოძმეთა დაცემის მხილველს სული ჰქონდა დამძიმებული.
გული გასივებოდა. კრიჭა არ ეხსნებოდა.
თუმცა, ოჯახი მაინც ბედნიერი იყო, რადგან ოჯახის ბურჯი მტრის ტყვიას გადაურჩა.
რომ დავაკონკრეტოთ, გადაურჩა გარეული მტრის ტყვიას!
ხოლო შინაურ მტერს - ნაციონალურ ფაშიზმს - როინ შავაძის გასაცივებელი ტყვიები უკვე მჭიდში ჰქონდა ჩალაგებული
***
ომიდან დაბრუნებულ როინ შავაძეს მეორე დღეს სახლში კუდ-ის თანამშრომლებმა მიაკითხეს. მათ გიორგი ჩიქოვანი მეთაურობდა - მეტსახელად „მაიმუნა" - რომელიც დათა ახალაიას დავალებების უშუალო შემსრულებლად იყო ცნობილი.
სერჟანტმა შავაძემ კუდ-ის თანამშრომლებს მაყუჩიანი პისტოლეტები რომ დაუნახა, ღიმილით უთხრა - ბიჭებო, არ გრცხვენიათ, ჩემთან ასე რატომ მოხვედით, სადაც მეტყოდით, განა არ გამოგყვებოდითო?!
გაჰყვა. აჭარის კუდ-ის შენობაში მიიყვანეს. „მაიმუნამ" ერთ-ერთ კაბინეტში შეიყვანა და იქ მჯდომ კაცს, რომელსაც როინ შავაძე არ იცნობდა, უთხრა - აჰა, მოვიყვანე და შეეკითხეო! იმ კაცმა ხელები გაშალა - მერედა, ვინ დაგავალა ამის მოყვანა, ანდა რა უნდა ვკითხოო?
„მაიმუნამ" და კუდ-ის თანამშრომლებმა როინ შავაძე ნახევარ საათში სახლში დააბრუნეს.
მაყუჩიანი პისტოლეტები კვლავ თან ჰქონდათ.
შინ დაბრუნებულმა სერჟანტმა, რომელიც ღელვას ვერ ფარავდა, მეუღლეს გაუმხილა - „მაიმუნა" გზაში მეკითხებოდა - ხომ არ იცი, ომში ჩვენი რამდენი ჯარისკაცია მკვდარიო?
- მე რა, მკვდრების დასათვლელად ვიყავი ომში? რატომ მკითხეს ასეთი რამ? რა უნდათ ჩემგან? - ბორგავდა როინი, როგორც შინაურები ეძახდნენ - რომა.
სერჟანტი გუმანით გრძნობდა, რომ რაღაც დარდუბალას უმზადებდნენ.
- ძალიან არ მომეწონა ის ხალხი და მათი მაყუჩიანი პისტოლეტი, ნუთუ უნდა მომკლან?! - ავბედითი ფიქრი ხმამაღლა გაანდო თანამეცხედრეს.
- რატომ უნდა მოგკლან? - ჰკითხა მეუღლემ.
- არ ვიცი! მე არაფერი ვიცი! მე არაფერი ჩამიდენია! - იმეორებდა სერჟანტი.
***
2008 წლის 16 აგვისტო იდგა.
ორი დღე იყო გასული, რაც მაყუჩიანი პისტოლეტებით შეიარაღებულმა „მაიმუნამ" და ვიღაცებმა კუდ-ის შენობაში მიიყვანეს.
და მეორე დღეს ბათუმში, „ოქროს ბირჟასთან", როინ შავაძეს 20-მდე ნიღბიანი და შეიარაღებული სპეცრაზმელი დაესხა თავს.
ძირს დააგდეს და გამეტებით ურტყამდნენ.
- ეს კაცი სამშობლოს მოღალატეა და მის გამო ათეულობით ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა! - ყვიროდნენ სპეცრაზმელები შეჯგუფებული ხალხის გასაგონად.
20 შეიარაღებულ სპეცრაზმელს უპრობლემოდ და უმტკივნეულდ შეეძლო ერთი უიარაღო სერჟანტის დაკავება, მაგრამ გამიზნულად სცემდნენ ხალხის დასანახავად.
„სამშობლოს მოღალატის" საჩვენებელი დასჯა მოაწყვეს!
იმავე საღამოს, თითქმის მთელი დღის განმავლობაში ძებნის შემდეგ, როინ შავაძის მეუღლემ და ახლობლებმა სერჟანტის ცხედარს ბათუმის მორგში მიაკვლიეს!
ომიდან დაბრუნებული როინ შავაძე ნაციონალურმა ფაშიზმმა მხოლოდ ორი დღე აცოცხლა!
***
როინ შავაძის ცხედარი ტყვიებით იყო დაცხრილული.
22 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი - ყველა წინა მხრიდან შემავალი.
ეს აბათილებდა ნაციონალური ფაშიზმის მიერ შეთხზულ მითს - შავაძე გაქცევის მცდელობისას მოვკალითო.
თუ გარბოდა, ზურგი უნდა ჰქონოდა დაცხრილული და არა - გულმკერდი!
როინ შავაძეს ზურგი არ უჩვენებია არც მომხდურისთვის და არც შინაური მტრისთვის - ნაციონალური ფაშიზმისთვის!
თუმცა, როინ შავაძის სხეულს მომხდურის ტყვია არ მიჰკარებია, შინაურმა მტერმა კი - ნაციონალურმა ფაშიზმმა - მას ტყვიების წვიმა დააყარა.
როინ შავაძის ცხედარს ხელის თითები გადამსხვრეული ჰქონდა და კანზე ეკიდა. გაპატიოსნების დროს „სკოჩით" მიამაგრეს;
მთელ სხეულზე - ჰემატომები. მარცხენა ბარძაყი მოტეხილი. კისერი გადამტვრეული. ხერხემლის მალები ჩამსხვრეული, მკლავები დამტვრეული.
აშკარა იყო, რომ როინ შავაძე ჯერ სასტიკად აწამეს, მერე კი დახვრიტეს!
ბევრმა მისმა თანამებრძოლმა დაკრძალვაზე მისვლაც კი ვერ გაბედა!
ეშინოდათ, „სამშობლოს მოღალატის" დატირების გამო თვითონაც არ გამხდარიყვნენ ნაციონალური ფაშიზმის მსხვერპლი.
ჯარისკაცები როინ შავაძის ქვრივს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ - თქვენი მეუღლე ვაჟკაცი კაცი იყო, ბევრი ჩვენგანი სიკვდილს გადაარჩინა და ბოდიშს გიხდით, რომ მის დაკრძალვას ვერ ვესწრებითო!
როინ შავაძე სამშობლოს მოღალატე არ ყოფილა!
იგი სამშობლოს ჯარისკაცი იყო - პატრიოტი და ერთგული!
სწორედ ამიტომ საქმეების შეთითხნაში დაოსტატებულმა ნაციონალურმა ფაშიზმმაც კი მას სამშობლოს ღალატის მუხლი ვერ მიუყენა და ბრალად ნარკოტიკული დანაშაული შეურაცხა!
ნარკოტიკებთან კი სერჟანტ როინ შავაძეს ისეთივე შეხება ჰქონდა, როგორიც ნაციონალურ ფაშიზმს - ადამიანურობასთან, სამართალთან და დემოკრატიასთან!
***
2010 წლის 6 დეკემბერი.
სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობიდან 2 წელზე მეტი იყო გასული.
მის ოჯახში ორნი მივიდნენ - ახალგაზრდა ბიჭი და გოგო.
მათ სერჟანტის ქვრივს ციცინო შავაძეს უწყება გადასცეს - თქვენი მეუღლე როინ შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოშია დაბარებულიო.
ჯარისკაცის ქვრივს წამსვე თვალთ დაუბნელდა. გული მკერდს ასკდებოდა და ლამის გამოენგრია. მეხსიერებაში კინოკადრებივით გაურბინა 2 წლის წინანდელმა ტრაგედიამ. ცხადად წარმოუდგა საყვარელი მეუღლის ნაწამები და ტყვიებით დაფლეთილი ცხედარი.
რაო? როინ შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოშია დაბარებულიო?
ჯარისკაცის ქვრივმა ამოიკივლა - „როინს სასაფლაოზე მიაკითხეთ და გამოგყვებათ სასამართლოში!"
„თვითმფრინავის ბიჭების" დახვრეტის შემდეგ, გეგა კობახიძის დედას, ქალბატონ ნათელა მაჭავარიანს საბჭოთა რეჟიმმა სახლში ქვითარი გაუგზავნა - იმ ტყვიის საფასური გადაიხადეთ, რომელიც თქვენი შვილის დასახვრეტად დავხარჯეთო!
ნაციონალურმა ფაშიზმმა როინ შავაძე ჯერ აწამა, მერე კი დახვრიტა და ორი წლისთავზე სახლში უწყება გაუგზავნა, სასამართლოში გამოცხადდითო!
ასე იყო - ნაციონალური ფაშიზმი, საბჭოთა რეჟიმივით, ადამიანებს სიკვდილის შემდეგაც კლავდა!
კლავდა არა მხოლოდ ტყვიებით, არამედ - ცინიზმით!
ნაციონალურმა ფაშიზმმა შექმნა ეს დრამა - ჯარისკაცის დრამა, სახელწოდებით - როინ შავაძე!
ჯაბა ხუბუა