„სკანდალი ვერ შედგა, უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე რეალურად აი, ასე გამოიყურება და იგი არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას!“ - წერს სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და სასახლის ფოტოებს აქვეყნებს.
გიორგი კალანდიას ინფორმაციით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სასახლის რეაბილიტაცია ოთხი წლის წინ დაიწყო და სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
24 დარბაზიდან 20-ში სამუშაოები დასრულებულია, 4 დარბაზში კი სპეციალისტები სამუშაოების მეორე ეტაპს აწარმოებენ ან გეგმავენ, ისტორიულ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება, რის შემდეგაც სასახლის საექსპოზიციო სივრცე დამთვალიერებლისთვის გაიხსნება.
„სკანდალი ვერ შედგა, უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე რეალურად აი, ასე გამოიყურება და იგი არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას! დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია დადიანების სასახლეში არსებული ვითარების შესახებ.
ინტერნეტმომხმარებელი წერს, რომ თითქოსდა უფლისწულ ნიკოს სასახლეს რეაბილიტაცია არასათანადოდ ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა უფრო უარესია, ვიდრე ეს რეაბილიტაციამდე იყო, სინამდვილე კი ასეთია: რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ფონდ „ქართუს” დაფინანსებით ოთხი წლის წინ დაიწყო, ჯერ დასრულებული არ არის, სასახლე არ გახსნილა და სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, 24 რეაბილიტირებული დარბაზიდან ამჟამად სამუშაო 2 ში მიმდინარეობს!
ყველას ახსოვს (განსაკუთრებით კი მუზეუმის თანამშრომლებს, რომლებიც დაადასტურებენ ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებას) სარესტავრაციო პროცესების დაწყებამდე უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე უმძიმეს მდგომარეობაში იყო და დღის წესრიგში მისი გადარჩენა იდგა. ახლა ეს საკითხი სრულად გადაჭრილია, 24 დარბაზიდან 20-ში სამუშაოები დასრულებულია, 4 დარბაზში კი სპეციალისტები სამუშაოების მეორე ეტაპს აწარმოებენ ან გეგმავენ. ისტორიულ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება, რის შემდეგაც ნიკოსეული სასახლის საექსპოზიციო სივრცე დამთვალიერებლისთვის გაიხსნება“, - წერს გიორგი კალანდია.