სოფელ იგოეთის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც დასრულების პროცესშია, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მისმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა დაათვალიერეს.
სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება წლების განმავლობაში არ არსებობდა, სოფელ იგოეთის და მრგვალი ჭალის ბავშვები მეზობელი სოფლის საბავშვო ბაღში დადიან.
ორსართულიან შენობაში მოწყობილია საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზი. შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობის სისტემით.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ორ ჯგუფზეა გათვალისწინებული, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემით. შენობაში იფუნქციონირებს ლიფტი.
საბავშვო ბაღის მშენებლობის ღირებულება 696 326 ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
„ჩვენი პატარები საუკეთესო პირობებში უნდა იზრდებოდნენ. ჩვენ ვზრუნავთ მათი კომფორტული გარემოს შესაქმნელად“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.