საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, HELP-ის პრაქტიკული კურსი „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის უნარ-ჩვევები“ განხორციელდა, რომელშიც შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალიზებული პროკურორები მონაწილეობდნენ.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლების დასასრულს, კურსის მონაწილეებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა სიტყვით მიმართა და სერტიფიკატები გადასცა.
სწავლება მიზნად ისახავდა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შედეგად დაზარალებულების მიმართ ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას და მათთვის სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებას.
აღნიშნული კურსი პირველად საქართველოში დაინერგა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებიდან სასწავლო კურსის განსახორციელებლად მხოლოდ საქართველო შეირჩა, რომელშიც 15 სპეციალიზებულ პროკურორთან ერთად მონაწილეობას მოსამართლეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები იღებდნენ. ერთობლივი სასწავლო აქტივობები უწყებათა შორის კოორდინაციის გაზრდას, ერთიანი პრაქტიკისა და მიდგომების დანერგვას ითვალისწინებს.
კურსის შემუშავების პროცესში ევროპის საბჭოს ექსპერტად მიწვეული იყო კურსის თანაავტორი, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი სალომე შენგელია.
საქართველო ევროპის საბჭოს „HELP“-ის პლატფორმის წარმატებული ქვეყნების სიაშია და აღნიშნულ პროცესში საქართველოს პროკურატურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 2016 წელს HELP-ის პირველი სასწავლო კურსი ანტიდისკრიმინაციის თემაზე განხორციელდა და მას შემდეგ HELP-ის რვა სწავლება წარმატებით ჩატარდა.
სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით სპეციალიზაციის სასწავლო კურსი და სპეციალიზებული პროფესიონალების შემდგომი კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.