logo_geo
eng_logo
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი გასვლით შეხვედრებს ბორჯომში მართავს
- +

17 ივნისი. 2021. 18:07

 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გამართეს, სადაც რაიონში არსებულ სპორტული ინფრასტრუქტურულ ობიექტების მდგომარეობის და სახელმწიფოს მხრიდან სპორტის განვითარების საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით სპორტის პოპულარიზაციას.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრაზე რეგიონებში სპორტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამისათვის თანამედროვე და გამართული სპორტული ინფრასტრუქტურის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისივე განცხადებით, სპორტული ობიექტების ნაწილი, მათი მშენებლობის დასრულების შემდეგ, ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან მართვის მოდელში ხარვეზები შეინიშნება.

 

„ქვეყნის მასშტაბით სპორტული მოედნების მშენებლობები მიმდინარეობს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ამის შესახებ შესაბამის სპორტულ ფედერაციებს ინფორმაცია არ აქვთ. შესაბამისად, ის სტანდარტები და მოთხოვნები, რასაც ეს ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს, გათვალისწინებული არ არის“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

მერიაში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხზე თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშზეც ისაუბრა და ყურადღება ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

გასვლითი საკომიტეტო სხდომის ფარგლებში კომიტეტის წევრებმა ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში სპორტული ობიექტები მოინახულეს. დეპუტატები ტრამპლინიდან მხტომელ ვეტერან სპორტსმენს, კობა წაქაძესა და ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner