"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე იცვლება და მას ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის.
როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ამაზე საუბარი ოპოზიციამ "რაღაცის გადასაფარად“ წამოიწყო.
„ეს არის სპეკულაციები, რომელიც წამოწყებულ იქნა რაღაცის გადასაფარად.
ეს იყო ოპოზიციის თემა, რომელსაც ხშირად აკეთებენ ხოლმე. შემოიტანეს ეს თემა, რაღაც პრობლემა ჰქონდათ ოპოზიციაში. მერე როგორც ჩანს მოეწონათ და დატოვეს. იმაზეც იყო საუბარი, რომ 20 ივნისს უნდა გამართულიყო ყრილობა, რაც წარმოუდგენელია, “ფეიქ ნიუსსაც” უნდა ჰქონდეს დამაჯერებლობის მინიმალური ხარისხი.
მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, ჩემი ფუნქცია არის კოორდინაციის უზრუნველყოფა პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის დროს და ჩემი ფუქცია არის მათ შორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა და არჩევნებისთვის სათანადოდ მომზადება. ეს არის ისეთი ცვლილება, რომელზე მუშაობასაც იწყებენ ერთი წლით ადრე. ამის ცვლილება ტექნიკურადაც კი შეუძლებელია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ის საარჩევნო კამპანიაში იქნება ჩართული და შტაბს უხელმძღვანელებს.