„გუნდში ყველას გვაქვს ჩვენი ფუნქციები და ეს განსაზღვრავს ვიღაცის კონკრეტულ როლს, თუმცა, ეს არის გუნდი, სადაც არსებითად ჰორიზონტალური ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. ეს ეხება როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ასევე პრემიერ-მინისტრს, პარტიის გენერალურ მდივანს და ა.შ.“, - განაცხადა „ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ თოქშოუში „რეაქცია.
მისი თქმით, ეს არის პასუხი კითხვაზე ვინ არის პირველი პირი.
„როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკური პროცესი, ჩვენ შევჯერდით პარტიული და პოლიტიკური მართვის კონკრეტულ სქემაზე. ამ სქემაში იყო შემდეგი გადანაწილება მოაზრებული - აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამიჯნული ერთმანეთისგან პარტიის თავმჯდომარის, მთავრობის ხელმძღვანელის - პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობები. ამ სქემით ვმუშაობთ მას შემდეგ, რაც იანვარში ჩატარდა ყრილობა და ამ სქემით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას. ამ სქემაში მოიაზრება, რომ გუნდში არის ჰორიზონტალური ურთიერთობები. ყველას გვაქვს ჩვენი ფუნქციები და ეს განსაზღვრავს ვიღაცის კონკრეტულ როლს, მაგალითად, მოწინავე როლს ამ პოლიტიკურ პროცესში, თუმცა ეს არის გუნდი, სადაც არსებითად ჰორიზონტალური ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. ეს ეხება როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ასევე პრემიერ-მინისტრს, ეხება პარტიის გენერალურ მდივანს და ა.შ. ეს არის პასუხი კითხვაზე ვინ არის პირველი პირი“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.