logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: სპეკულაციურია შეფასება, რომ თითქოს, ქვეყანა „შავ სიაში“ მოხვდება - არანაირი კატასტროფა არ ხდება
- +

18 ივნისი. 2021. 02:06

 

“არანაირი კატასტროფა არ ხდება მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ვალი გაზრდილია”, – ამის შესახებ ეკონომიკის საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

 

ცუცქირიძემ განმარტებები სახელმწიფო ვალის საკითხის შესახებ გააკეთა.

 

„ჩვენი შეხვედრის დღევანდელი თემა საინტერესოა იმ ფაქტორიდანაც გამომდინარე, რომ, სამწუხაროდ, საგარეო ვალს სპეკულაციური შეფასებები ეძლევა, ვგულისხმობ ოპოზიციის მხრიდან შეფასებებს. ჩემი აზრით, ამ შეფასებების არსი გაზვიადებულია. დავიწყებ იქედან, რომ სახელმწიფო ვალი პანდემიურ პერიოდშია გაზრდილი, მაგრამ გაზრდილია არა მარტო საქართველოში, არამედ, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში. მაგალითად რომ ავიღოთ პანდემიის წინა პერიოდიდან დღევანდელის შეფასება, ვალი გაზრდილია, იგივე, ევროკავშირის ქვეყნებში. გაზრდის კოეფიციენტი მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობაში უნდა განვიხილოთ, 77 %-დან 91 %-მდეა გაზრდილი. მთელ რიგ ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, 20-25 პროცენტული პუნქტითაც კი არის გაზრდილი და საშუალოდ ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან პროპორცია გაცილებით მაღალია, 110- 150 %-ის ფარგლებშიც კი მერყეობს. ვალი ბრიტანეთშიცაა გაზრდილი, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 100 %-თან ახლოსაა. იაპონიაშიც მნიშვნელოვნადაა გაზრიდლი, დაახლოებით, 25 პროცენტული პუნქტით, რახან ლაპარაკია პროპორციაზე, სახელმწიფო საგარო ვალის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 266 %-ია.

 

უფრო გასაგები რომ იყოს, შემიძლია, ავსხნა, თუ რა ძირითადი კრიტერიუმებია, რომლითაც შეიძლება, ვალის მიზანშეწონილება შეფასდეს. ზოგადად, ითვლება, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით რაც უფრო დიდია საგარეო ვალი, მას შეიძლება, გარკვეული დეფოლტის რისკიც ჰქონდეს. როცა მოვიყვანე იაპონიის მაგალითი, სადაც 266 %- ია, ასევე, ევროპის რიგი ქვეყნების მაგალითი, სადაც 100 %-ზე მეტია, აქ, ბუნებრივია, იგულისხმება ვალის სტრუქტურა და მეორეც, მისი ვადიანობა. რაც უფრო გრძელვადიანია ვალი, ტვირთი მით უფრო ნაკლებია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ამ ვალის პროპორციას განსაზღვრავს: ესაა ექსპორტის მაჩვენებელი. მაღალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს, მათ შორის, იაპონიას ექსპორტი ყოველთვის უფრო მეტი აქვს, ვიდრე, ზოგადად, ვალის მაჩვენებელი. ახლა გადმოვიდეთ საქართველოზე. კეთდება განცხადებები რაღაც კრიტიკულ ზღვარზე, რომ ქვეყნის შეყვანა „შავ სიაში“ მოხვდება, ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი შეფასებები, არის ბრალდებები, რომ ქვეყანამ, თურმე, ამხელა ვალი აიღო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პანდემიის პერიოდში ვალი, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანამ აიღო“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

 

მისივე განმარტებით, რისკი იმისა, რომ სახელმწიფო ვალის გამო საქართველო შეიძლება, „შავ სიაში“ შეიყვანონ, არ არსებობს.

 

„ჩვენთან ვალის ზრდას თავისი მახასიათებელი აქვს. ეს არის ზოგადად სავალუტო კურსი. ჩვენ ვალს ვიღებთ უცხოურ ვალუტაში, შემდეგ ის ლარში გადადის. შესაბამისად, ვალი სავალუტო კურსთან მიმართებით გადადის. მაგალითად, სახელმწიფო ვალი მაისის მდგომარეობით 8 მილიარდ დოლარზე ცოტა მეტია. იმდროინდელი კურსით, ეს არის 26 მილიარდ 300 მილიონ ლარამდე. მაგრამ დღევანდელი კურსით რომ ავიღოთ, თუნდაც 3.15 -ით რომ ვიანგარიშოთ, ივნისში უკვე არა 26,3 მილიარდი, არამედ 25,3 მილიარდი იქნება. იმის თქმა მინდოდა, რომ ხშირად ლარში გამოსახული ვალი ასახავს არა მხოლოდ ვალის აღებას, არამედ – მის მაჩვენებელს სავალუტო კურსთან. ეს მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან 60 %-ზე მეტია, დაახლოებით, 62 %-ია. არის, თუ არა ეს კრიტიკული ზღვარი? პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ არანაირი კრიტიკული ზღვარი ეს არ არის, მით უმეტეს, რაღაც „შავ სიაზე“ საუბარი საერთოდ არაა.

 

ერთადერთი, რა უნდა ვთქვა: ზოგადად, განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, სასურველი ზღვარი არის 40-50 %. კრიზისის წინა პერიოდში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 40 %-იან ზღვარზე გვქონდა. ამიტომაც იყო, რომ როცა ჩვენ პანდემიურ პერიოდში ვალის აღება დაგვჭირდა, ერთერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, ვისაც ვალი გამოეყო. ზუსტად ამ ნორმალური პარამეტრის გამო მოგვცეს ეს დამატებითი ვალი. ახლა 62 % რა პრობლემა შეიძლება, იყოს: ერთი პრობლემა არის ის, რომ, როცა ვალი მთლიან შიდა პროუდუქტთან მიმართებაში გაიზრდება, შეიძლება, ამას საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგების მიერ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუარესება მოჰყვეს. ჩვენ ვართ BB ტიპის ქვეყანა, შეიძლება, მაგალითად, სტაბილურობიდან გაუარესდეს მაჩვენებელი და არ შეეხოს ძირითად რეიტინგს, ანუ დარჩეს ისევ BB. ეს არასასურველია იგივე საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით და, უფრო მეტად, საგარეო ბაზრებზე საკრედიტო რესურსების მოზიდვის თვალსაზრისით. ერთადერთი ეს რისკი არსებობს და სხვა დამატებითი რისკი რაზეც საუბარია, რომ ვითომ „შავ სიაში“ შეგვიყვანენ კრედიტორები, ეს ფანტაზმაგორული აზრებია.

 

ხაზს ვუსვამ, ეს რისკი არსებობს, თუმცა, ესეც არ მოხდება. წლის ბოლოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა გვექნება, ასევე, ექსპორტია გაზრდილი, რასაც ინვესტორები უყურებენ “, – განაცხადა ცუცქირიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner