„ქვეყანაში გვაქვს ორი მთავარი გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე, რასაც სჭირდება ეკონომიკის ზრდა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ თოქ-შოუში „რეაქცია“.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წლის მდგომარეობით, საქართველოში მილიონ ას ორმოცდაათი ათასი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 2020 წლის დასაწყისისთვის, ანუ პანდემიამდე ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა შვიდას ოცდაათი ათასამდე.
„პანდემიის პერიოდში ეს მაჩვენებელი რვაასი ათასს გადასცდა, ძალიან მძიმე ზიანი მოგვაყენა პანდემიამ და შესაბამისად, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების მოთხოვნით. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე, რასაც სჭირდება პირველ რიგში ეკონომიკის ზრდა. ეკონომიკა გაიზარდა როგორც ნომინალურ მაჩვენებლებში, ასევე რეალური ეკონომიკა, ვიღაცაზე აისახა, ვიღაცაზე არა. იყო გარკვეული დინამიკა, მილიონ ას ორმოცდაათი ათასიდან ჩამოვიდა შვიდას ოცდაათი ათასამდე, მაგრამ შვიდას ოცდაათი ათასი ადამიანი ეს არის 20%-ზე მეტი. როცა ამდენი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ბუნებრივია, სიღარიბე რჩება მთავარ პრობლემად და სიმძიმედ, მათ შორის პოლიტიკაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.