logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: „ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდა გადამგდებ პოლიტიკურ ძალად - ის „ევროპული საქართველოს“ გზას ადგას
- +

18 ივნისი. 2021. 13:36

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდა გადამგდებ პოლიტიკურ ძალად. ის „ევროპული საქართველოს“ გზას ადგას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ „ამნისტიის შესახებ“ კანონს მიიღებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს დოკუმენტის სულისკვეთებას შეუერთდეს.

 

როგორც ღუდუშაური ამბობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება ბრიყვი ჰგონია და საკუთარ ამომრჩეველს შეურაცხყოფას აყენებს.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრაქტიკულად არასდროს, არც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არ შეასრულა მათ მიერ გაცემული პირობა და სიტყვა. კარგად გვახსოვს ადამიანები, რომლებსაც სტომატოლოგიურ სერვისს სთავაზობდნენ და არჩევნების წაგების შემდეგ შუა ქუჩაში დატოვეს. კარგად გვახსოვს ისიც, როგორ იბრიქებოდა მათი ფორმალური ლიდერი, რომ ვერ დააკავებდნენ და კანონი ვერ აღსრულდებაო. ასევე იძახდნენ, პარლამენტში ვინც შევა, პუფი იქნებაო და ზეწოლას ახდენდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სხვებს. მერე ნახეთ, როგორ შემოიპარნენ და პრაქტიკულად რიგი ედგათ პარლამენტში შემოსვლაზე. ჩვენ ყველა ჯერზე ვიძახდით, რომ კანონიც აღსრულდება, ბატონი მელია გირაოსაც გადაიხდის და პარლამენტშიც შემოვა! არაერთხელ მითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება ჰგონია ბრიყვი და თავისივე ამომრჩეველს აყენებს შეურაცხყოფას.

 

ჩვენ მათ ჯერ კიდევ არჩევნების დამთავრების შემდეგ მოვუწოდებდით, თანმიმდევრულები, კონსტრუქციულები ყოფილიყვნენ, ეთქვათ სიმართლე და თავისი სიტყვა შეესრულებინათ, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ შეასრულეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ადგას „ევროპული საქართველოს“ გზას“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

 

ცნობისთვის, აშშ-ში ვიზიტად მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ დიდია ინტერესი 19 აპრილის შეთანხმების მიმართ, რადგან რეფორმების დღის წესრიგი ამან უნდა განაპირობოს. მისივე თქმით, „მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ „“ამნისტიის შესახებ“ ამ მავნებლურ კანონს მიიღებს, რასაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიებიც არ უჭერენ მხარს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს დოკუმენტის სულისკვეთებას შეუერთდეს“. როგორც ბოკუჩავა ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტის დანარჩენ ვალდებულებებს აბსოლუტურად იზიარებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner