„ტვ პირველის“ ეთერში გასული ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია“ - ეს განცხადება პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბერა-ღარიბაშვილ-ჩუბინიძის სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური დასკვნის წარდგენისას გააკეთა.
საქართველოს მთავარი საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ აუდიოჩანაწერი ფალსიფიცირებულია, მრავლად შეიცავს მონტაჟის კვალს და ამის დამადასტურებლად, მეტი თვალსაჩინოებისთვის, სპეციალურ აუდიოჩანაწერსაც ავრცელებს.
„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია. აუდიოჩანაწერებს მრავლობითად აღენიშნება რედაქტირების კვალი, აბსოლუტურად ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის შედეგად და შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია შეცვლილი, დაინტერესებულ პირთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მონტაჟის გზით შექმნილ და ფალსიფიცირებულ აუდიო ჩანაწერებს არანაირი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია“, - აცხადებენ პროკურატურაში.