- მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 20 წლის შემდეგ კატაკომბებში აღმოაჩინეს ჯარისკაცი, რომელსაც ეგონა, რომ ომი არ დამთავრებულა და სრულ საბრძოლო აღჭურვილობაში ჩამჯდარი მეთაურის ბრძანებას ელოდა, თუ როგორ ემოქმედა.
ვინ არ არწმუნებდა ჯარისკაცს, ვინ არ უხსნიდა, რომ ომი დამთავრდა, თანაც დამთავრდა ოცი წლის წინათ, მაგრამ არაფერმა არ გაჭრა, სანამ ჯარისკაცის მეთაური არ მოძებნეს და სანამ იმან არ დაარწმუნა, რომ ომი ნამდვილად დამთავრდა.
ჩემს ამჟამინდელ სიტუაციას რომ ვაკვირდები, მეც იმ ჯარისკაცის მდგომარეობაში ვარ - ვიღაც-ვიღაცები მარწმუნებენ, რომ ჩემმა დივიზიამ - „ქართულმა ოცნებამ“, ომი დაასრულა, მე კი ეს არ მჯერა და ისევ ვაგრძელებ ბრძოლას და ამ ბრძოლას არც შევწყვეტ, სანამ მეთაური არ მოვა და არ მეტყვის, რომ ომი მართლაც დამთავრდა. რას მეტყვი, როგორ მოვიქცე? - მითხრა „ქართული ოცნების“ ერთმა ვეტერანმა მხარდამჭერმა, რომელიც მთელი ცხოვრება საქართველოსთვის იბრძოდა, ახლა კი, ამ არეულ-დარეული პოლიტიკის გამო გზა-კვალი აერია და დაიბნა.
რა უნდა გითხრა, ვეტერანო, მეც შენს დღეში ვარ და შენ რა უნდა გითხრა?!
ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: შეიძლება ცალკეულმა პარტიებმა თუ პოლიტიკოსებმა მართლაც შეწყვიტონ ბრძოლა, მაგრამ შენისთანების ომი არასოდეს დამთავრდება, რადგან შენ არც ძალაუფლებისთვის იბრძვი, არც ქონების მოსახვეჭად, არც პარლამენტში მოსახვედრად - შენ საქართველოსთვის იბრძვი და სანამ პირში სული გიდგას, ამ ბრძოლას ვერ შეწყვეტ.
ეს შენი ბედისწერაა!
ეს შენი განაჩენია!
ასე რომ, იბრძოლე, ჯარისკაცო, იომე, ჯარისკაცო, ნურავის ბრძანებას ნუ დაელოდები, ნურც იმათ დაუჯერებ, ვინც გარწმუნებს, რომ ომი დამთავრდა და შენს ბრძოლას აზრი არ აქვს.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, როცა ეს ბრძოლა წაგებისთვის არის განწირული.
ვზივარ მაგიდასთან და „საერთო გაზეთის“ ძველ ნომრებს ვფურცლავ.
გაზეთის ფურცლები კი არა, ნამდვილი ბრძოლის ველია, თორმეტი წლის მანძილზე გაშლილ-გადაფენილი ბრძოლის ველი.
- მართლაც რამდენი გვიომია ჩვენ, საწყლებს... - ამბობს რედაქციის ვეტერანი თანამშრომელი, - რამდენი გვიომია და რისთვის?!
უხერხული კითხვების დასმა ვერ მოვაშლევინე ამ ქალბატონს - გაივლის, გამოივლის და ისეთ კითხვას დაგისვამს, პასუხს რომ ვერ გასცემ...
,,საერთო გაზეთი"