logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი: მთავარია საკუთარი გვარ-სახელის წინ თქვა, მე ვარ ჟურნალისტიო და მერე რაც გინდა, მოაყოლე, – ტყუილი და მართალი...
- +

19 ივნისი. 2021. 03:03

 

 

ჟურნალისტიკის ტრანსფორმირებისა

 

იყო დრო, ჟურნალისტიკა მწერლობისგან არ განირჩეოდა და ჟურნალისტი – მწერლისგან.

ფოთის თავკაცობის პერიოდში ნიკო ნიკოლაძე რამდენადმე ჩამოშორდა ჟურნალისტურ ასპარეზს, რის გამოც ბევრი განზე განდგომას უკიჟინებდა. მათ პასუხად ნიკო ნიკოლაძე 1913 წელს გამოცემულ ბროშურაში „ჩემ პოლიტიკაზე“ წერდა:

 

„მწერლობაზე ხელი აიღოო, რაკი ფულიანი ადგილი იშოვნაო. კარგად არ გაუცვნია მწერლის მოვალეობა იმას, ვინც ამას მაყვედრის. დიაღაც, ისეთი მოწიწებით ვეპყრობი მწერლის დანიშნულებას, რომ ყოველთვის, როცა ან რკინის გზის, ან მრეწველობის, ან ქალაქის სამსახურს ვკისრულობდი, უაღრეს მოვალეობად ვთვლიდი მწერლობაზე ხელი ამეღო. ორ ღმერთს ერთსა და იმავე დროს, კაცი ვერ ემსახურება... ყველა იმ დაწესებულებას, ვის სამსახურშიც შევდიოდი, ვუცხადებდი: მიქირავებია თქვენთვის ჩემი შრომა და ცოდნა და არა მწერლური გავლენა მეთქი. მწერლობის და მკითხველი საზოგადოების წინ ჩემი დუმილი იმას მოასწავებს, თუ რა მორიდება მაქვს მომავლის, რა წმინდათ-წმინდათ ვთვლი მწერლობას. ვერავინ მოძებნის სტამბაში ვერც ერთ სტრიქონს, ჩემგან დაწერილს, რკინიგზის, ან როტშილდის ან ფოთის საქმეების დამცველს ან მადიდებელს, სანამ ამ საქმეებს ვემსახურებოდი, გარდა იმ იშვიათი შემთხვევისა, როცა რამე უშვერი ცილი თავიდან უნდა ამეცილებია. და ამ დუმილს, ამ მსხვერპლს ბრალად მდებენ ჩვენი მწერლები!“

 

სადაც აქ მწერლობასა თუ მწერლებს ახსენებს ნიკო ნიკოლაძე, ყველგან ჟურნალისტიკასა და ჟურნალისტებს გულისხმობს. ამას საგანგებოდ განმარტავენ კომენტატორები ამ ტექსტის ციტირებისას.

ახლა ილია?

„ჟურნალ-გაზეთობა ერთგვარი ნაწილია ლიტერატურისა“, – წერდა იგი „ივერიის“ მეორე წინასიტყვაობაში.

სერგეი მესხი თავის ცნობილ წერილებში „ჩვენი ჟურნალ-გაზეთების საქმე“ და „რა მოეთხოვება გაზეთს?“ პერიოდიკას ანუ ჟურნალ-გაზეთობას დროგამოშვებით ლიტერატურას, პერიოდულ ლიტერატურას უწოდებს.

 

მეოცე საუკუნეში ჟურნალისტიკა რამდენადმე გაიმიჯნა მწერლობისგან თუ ლიტერატურისგან და მის პერიფერიაზე აღმოჩნდა. ჟურნალისტი კი ჯერჯერობით ისევ იყო მწერალი, მაგრამ მეორეხარისხოვანი. თუმცა იყვნენ ჟურნალისტები, რომლებმაც ბევრ მწერალზე მეტი და უკეთესი შექმნეს, მათ მაინც ჟურნალისტები ერქვათ, ხოლო საზოგადოების თვალში ცუდი მწერალი უფრო ფასობდა, ვიდრე კარგი ჟურნალისტი.

 

მერე და მერე, ჩვენ თვალწინ, ჟურნალისტიკა საერთოდ ჩამოშორდა ლიტერატურასაც, ფილოლოგიასაც და კომუნიკაციისა თუ გართობის ინდუსტრიის ნაწილად იქცა. თუ ადრე ჟურნალისტს სიტყვიერების ცოდნა და სიტყვის ფლობა მოეთხოვებოდა უწინარეს ყოვლისა, დღეს თვლიან, რომ ეს საჭირო აღარ არის.

 

მეტიც, –  დროის მოტანილ და ახალი ტექნოლოგიებით გამოწვეულ ტრანსფორმაციას ასევე დროის მოტანილი პროფესიული პროფანაციაც თუ ზნეობის დეფიციტიც დაერთო და ჟურნალისტებმა მომსახურე პერსონალის რიგებში დაიკავეს ადგილი, სადღაც პარიკმახერების სიახლოვეს, ოფიციანტებსა და მექისეებს შორის.

 

მთავარია საკუთარი გვარ-სახელის წინ თქვა, მე ვარ ჟურნალისტიო და მერე რაც გინდა, მოაყოლე, – ტყუილი და მართალი, ჭორი და სწორი, ვინც გინდა, გააშავე და ვინც გინდა, გაათეთრე! არც არავის გაუკვირდება შენი ჩიქორთული და არც არავინ მოგთხოვს პასუხს სიცრუეზე თუ ცილისწამებაზე. თუ იმასაც დაამატებ, რასაც ახლა მე მოგახსენებთ, ამასთან დაკავშირებით სანდო წყარომ მომაწოდაო, ნიკო ნიკოლაძეს ძალიან ზემოდან შეგიძლია გადმოხედო!

 

 

და საერთოდ, ნეტა რამდენმა ჟურნალისტმა იცის საქართველოში, ვინ არის ნიკო ნიკოლაძე? ან რამდენს წაუკითხავს მისი თუნდაც ის მრავალგზის ციტირებული ერთი აბზაცი, რითაც ჩემი ეს შთანაწერი იწყება, რომელიც, რა თქმა უნდა, სულაც არ ეხება ყველა ჟურნალისტს, ან ყველა პარიკმახერს, ყველა ოფიციანტსა თუ ყველა მექისეს.

 

__________________________

ეს და ჩემი სხვა ლიბროკუბიკულარისტული შთანაწერები შთეგიძლიათ იხილოთ „ლიტერატურული საქართველოს“

18 ივნისის ნომერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner