logo_geo
eng_logo
მცირეწლოვანი ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს ბრალი წარუდგინეს
- +

19 ივნისი. 2021. 16:03

 

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის წამების ფაქტზე, ბავშვის დედას მ.დ.-ს და მის მეუღლეს ა.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.

 

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მ.დ. და მისი მეუღლე ა.ს. ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობდნენ ფიზიკურად - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა.

 

„ბრალდებულების ქმედებებმა დაზარალებული არასრულწლოვნის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

სამართალდამცავებმა მ.დ. და ა.ს. 18 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ბრალდების მხარემ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner