ბობოყვათში აქციაზე დაკავებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, კერძოდ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა.
აქციის მონაწილეები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ.
ბობიყვათის მოსახლეობა უფრო მასშტაბურ აქციებს აანონსებს და პროცესში დიპლომატიური კორპუსის ჩართვას ითხოვს. ამბობენ რომ მიწები, რომელიც აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა მათი წინაპრებისაა. ისინი აუქციონის გაუქმებასა და მიწების დაკანონებას ითხოვენ.
პროტესტის ნიშნად დღეს აქტივისტებმა რკინიგზის მაგისტრალი გადაკეტეს რის გამოც ბათუმი-თბილისის მატარებელი დაახლოებით ერთი საათი გაჩერებული იყო.
აქციას აჭარის ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების ცნობით ტერიტორია წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და შესაბამისად მოქალაქეებს არ აქვთ მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. უწყებამ ამ საკითხზე ადგილობრივებთან შეხვედრა გამართა.
სოფელ ბობოყვათში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.