logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ამ ფალსიფიცირებულ ჩანაწერზე განაჩენი უნდა დადგეს
- +

20 ივნისი. 2021. 15:53

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ტვ პირველის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერის ფალსიფიცირების დადგენის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

 

„რამდენიმე წუთი ახალგაზრდა ბიჭის საფლავზე მგლოვიარე ჭირისუფალი უნდა ატრიალო, ემოციების ასაწევად. ეს ჟურნალისტური სტანდარტია, ხომ?!

 

მერე პუტინი უნდა მოიშველიო. აბა, ისე როგორ?! ჩვენ ხომ ბრბო ვართ და ხომ უნდა დაგვამუშაოთ?! აუცილებლად „საბჭოთა“ უნდა ახსენონ, მეტი სიმძიმისთვის.

 

და მთელი ეს შესავალი საჭირო იყო იმისთვის, რომ ერთი საათი ებოდიალათ ყველაფერზე, გარდა ფალსიფიცირებული  ჩანაწერისა, 170 ჭრისა და 21 სხვა პირის ხმის მოშველიებისა.

 

უკვე იმას აღარ ამტკიცებენ, რომ ღარიბაშვილის პრემიერობის დროსაა ჩაწერილი. არადა, კვირების მანძილზე მთავარი აქცენტი ზუსტად ამაზე იყო, რომ მთავრობა იყო ჩართული. სინამდვილეში „მინისტრები“ აღმოჩნდნენ „მილი-სტები“.

 

თურმე, წინა ხელისუფლების დროს, როცა 13 ცრუ ს/ს საქმე აღუძრავთ ივანიშვილთა ოჯახის, მ.შ. მცირეწლოვანის და პოლიტიკური ლიდერების მოსმენების შესაფუთად, სოციალურ ქსელში ხელისუფლებისვე ორგანიზებით განხორციელებული დევნა (ბულინგს რომ ეძახით) ხელისუფლებასთან უნდა გაესაჩივრებინათ.

 

ეს ის პერიოდია, როცა ივანიშვილის წინააღმდეგ ნამდვილი ომია, ანტენების დაყადაღება, ბანკ „ქართუს“ გაკოტრება, თვალთვალი და ა.შ.

 

ახლა სურთ, დაცვის უფროსს „ქურდული გარჩევა“ შეტენონ და ოჯახის და პოლიტიკური ლიდერის დატერორება, ოჯახის წევრების დევნა, ბანკის გაკოტრება, სხვა დანაშაულები არ შეიმჩნიონ.

 

2012 წლის პუტინის რუსეთი რომ მოიშველიეს, გადაცემის დასაწყისში, ზუსტად ასახავდა იმას, რაც საქართველოში იმავე წელს ხდებოდა.

 

სხვათაშორის, პუტინის ინტერვიუ მახსენდება, 2012 წლის არჩევნების პარალელურად რომ იძლევა, სააკაშვილს ჯერ ყველაფერი არ დაუკარგავს, პროპორციულში რაც წააგო, მაჟორიტარებში აინაზღაურებსო. ეს ისე...

 

თურმე პროკურორებს გული აჩუყებიათ და „ტვ პირველში“ დაურეკავთ.

 

2-3 წუთი ვუსმინე. ფეხბურთების შუალედში. მარაზმი და უტიფრობაა.

 

ამ ფალსიფიცირებულ ჩანაწერზე განაჩენი უნდა დადგეს და მოსახლეობამ მეტი ინფორმაცია მიიღოს.

 

მსოფლიოში მიღებული სტანდარტია ინფორმაციის წყაროს ხელუხლებლობა. ამას მოსახლეობისთვის ვწერ. ამავე დროს, იქ, სადაც ასეთი კანონი მოქმედებს, ამერიკაში, ევროპაში, აფრიკაშიც კი, თავად მედიაში ისეთი მორალური სტანდარტები არსებობს, რომ ასეთ დაჭრილ-დაჩეხილ ფირს არავინ გაუშვებს.

 

ეს ფალსიფიცირებული ჩანაწერი არა მხოლოდ დასახელებულ პირებს, მთელ საზოგადოებას აკადრეს და ძალიან კარგად იცოდნენ, რომ 170 ადგილას დაჭრილ და 21 უცხო ხმის გამოყენებით შეკოწიწებულ ჩანაწერს ავრცელებდნენ.

 

ამაზე უარესი რა უნდა გააკეთონ და იკადრონ?! საზოგადოების სათანადო რეაქციას კი ვერ ვხედავ. ხვალ უარესს იზამენ.

 

იმის ნაცვლად, რომ ტოტალური მოსმენების გამო, რომლის მასშტაბები პუტინს კი არა, გესტაპოს შეშურდებოდა, ბოდიშს იხდიდნენ, ამ ჩანაწერებს დღემდე იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის.

 

ეს რომ არა მათ მიერ კონტროლირებად ტელევიზიას გაეკეთებია, იმ ტელევიზიის თავზე ცა ჩამოიქცეოდა.

 

„ოცნების“ მომხრეებს, როგორც ყველა ხელისუფლების მომხრეს აქტიურობა არ ყოფნის, „ოცნების“ მოწინააღმდეგეები სეირს უყურებენ.

 

ბევრ გვერდს გადავხედე და სიტყვა არ დასცდენიათ. ხელისუფლება თუ არ მოგწონთ, ვინ გაძალებთ?! ასეთი ფალსიფიცირებული ფირის გავრცელებას რომ არ იმჩნევს ადამიანი, იმან აღარ უნდა ილაპარაკოს დემოკრატიაზე.

 

ამ არხმა უნდა აღიაროს დაშვებული, დავარქვათ, შეცდომა და მოიხადოს ბოდიში.

 

თუ ბოდიშს მოიხდიან, მაშინ იმ ნაწილში, რაც აღიარებულია ბერას დევნასთან და ოჯახებში მისვლასთან დაკავშირებით, ვიმსჯელოთ და გავარჩიოთ დეტალურად. თუ რაიმე სტანდარტი დაირღვა, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც აღვწერე, თუ ბოდიშია მოსახდელი, ბოდიში მოიხადონ. თუ მეტი პასუხია მოსათხოვი, მოეთხოვოს. თუ ვერ დამტკიცდება დარღვევა, გადაცდომა, სალაპარაკოც არაფერი იქნება.

 

ეს ყველაფერი დაჩეხილი ჩანაწერის გაშვების გამო ბოდიშის მოხდის შემდეგ.

 

მანამდე ეს არხები იყო და დარჩება სიცრუის და სიძულვილის მასობრივი ტირაჟირების წყაროებად, ბიუჯეტიდან ნაძარცვი ფულის ხარჯზე.

 

შეიძლება არ მოგწონდეს ბერა, მამამისი, მათი ოჯახი, მთელი „ქართული ოცნება“, მაგრამ განზრახ ფალსიფიცირებულ ჩანაწერების გავრცელებაზე რეაქცია უნდა გქონდეს.

 

არ ვრთავდი ამ ტვ-ებს თვეებია და აღარც ვაპირებ. რეიტინგი ბრბოს ხარჯზე გაიკეთონ. თუ გამონაკლისს გავაკეთებ, ჩანაწერს ვნახავ ინტერნეტში.

 

ჰო, დავამატებ. გუშინაც დავწერე და აქაც გავიმეორებ. ყველაზე კომიკური იყო იმ პოლიტიკასთან მყოფ პირთა ინტერვიუები, რომლებიც 2011-12 წლებში „ოცნებაში“ იყვნენ და რომლებსაც მხოლოდ „ოცნების“ წინააღმდეგ იყენებენ ხოლმე“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner