„ერთ მშვენიერ დღესაც“ - ასე, სრულიად უჩვეულოდ იწყება „მალატის“ ამბავი, თითქმის ისე, ჩვენს ბავშვობაში რომ ზღაპრები იწყებოდა და მათ მსგავსად, ამ ზღაპრის ბოლოც კეთილია. ერთ მშვენიერ დღეს ერთად შეკრებილმა მეგობრებმა ერთმანეთს იდეები, აზრები და გეგმები გაუზიარეს და ზღაპარივით ჯადოსნურად თუ ვერა, საკუთარი შრომით სულ რაღაც სამ კვირაში რეალობად აქციეს ჩანაფიქრი. ასე შეიქმნა „მალატი“ - ანუ ადგილი, სადაც თქვენ სილამაზეზე პროფესიონალები მთელი გულითა და სიყვარულით ზრუნავენ.
„მოდი, ჩვენი სალონი გავაკეთოთ - დაახლოებით, ასე, სპონტანურად გადაწყდა ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს, მაშინ, როცა ჩემს ბიძაშვილთან ერთად, რომელიც ამ დროს სხვა სალონთან თანამშრომლობდა, მეგობრები ვიყავით შეკრებილები. მათმა დადებითმა პასუხმა არ დააყოვნა და ძალიან მალე, 3 კვირაში უკვე მოვახერხეთ, პირველი სტუმარი მიგვეღო ჩვენს სილამაზის ცენტრში“, - ამბობს სილამაზის სტუდია „მალატის“ დამფუძნებელი ნინი ჩხეტიანი.
კომერციული ფართის ძებნა პირველივე დღიდან დაიწყეს და პირველიდან უკანასკნელ შტრიხამდე თავად შექმნეს ადგილი, რომელიც მალევე იქცა მომხმარებლების საყვარელ ადგილად.
„ინტერიერის დიზაინიც კი თავად შევქმენით, ყველა დეტალში ვიყავით ჩართულები. ძალიან სასიამოვნო განცდაა, როცა შენს თვალწინ ფაქტობრივად არაფრისაგან იქმნება შენი გარემო. სახელზეც ბევრი ვიფიქრეთ, საბოლოოდ კი მალატი შეირჩა - სიტყვა, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს იმ დამოკიდებულებას, რაც ჩვენ თითოეული სტუმარს აქ დახვდება. „მალატი“ სვანურად სიყვარულს ნიშნავს და ჩვენც დიდი სიყვარულით ვაკეთებთ ჩვენს საქმეს - ვართ ადამიანების სილამაზის სამსახურში“.
უკვე თითქმის სამი წელია, ადამიანების სილამაზის სამსახურში ნინოსთან ერთად მისი გუნდია, თავად სივრცე კი თავის მოვლისა და გალამაზების სხვადასხვა პროცედურას აერთიანებს - იქნება ეს კოსმეტოლოგია, სახის, თმისა თუ ფრჩხილის მოვლა.
„მალატი“ ამ ეტაპზე სრულად მოიცავს თმასთან დაკავშირებულ ყველა სალონურ მომსახურებას, ასევე, მომხმარებლებს ვთავაზობთ ფრჩხილის მოვლის პროცედურებსაც. გარდა ამისა, გვაქვს კოსმეტოლოგიური კაბინეტი, სადაც ვიყენებთ როგორც ინექციურ მეთოდებს, ასევე გვაქვს სახის კანის მოვლის სხვადასხვა პროცედურა და რაც ყველაზე მთავრია, გვყავს პროფესიონალი, გამოცდილი ექიმი-კოსმეტოლოგი, რომლის პროფესიონალიზმიც შედეგის გარანტორია“.
მაღალხარისხიანი მომსახურება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან - სწორედ ეს გამოარჩევს „მალატს“ სხვა სალონებისაგან, აქ ხარისხი მთავარი პრიორიტეტია, ხოლო მომხმარებლების კმაყოფილება - მთავარი მიზანი.
„ხშირად მიფიქრია, რატომ უნდა მოვიდეს მომხმარებელი მაინცდამაინც ჩვენთან და მიპოვნია კიდეც ამ კითხვაზე პასუხი - ყველაზე სწორი პასუხი ჩემი გუნდია, ადამიანები, რომელთა პროფესიონალიზმიც დრომ და ასობით მომხმარებელმა გამოსცადა, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ერთ გარემოში სხვადასხვა მომსახურების მიღების შესაძლებლობა, რაც მუდმივად დროის დეფიციტის მქონე სტუმრებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მომხმარებლის დროისა და ენერგიის დასაზოგად, მუდმივად გვაქვს საპარკინგე სივრცეც, რაც საშუალებას აძლევს მათ, გაცილებით კომფორტულად მოვიდნენ ჩვენამდე.
მთელი გუნდი ვცდილობთ, რომ ვიყოთ მომხმარებელზე ორიენტირებული და როგორც ჩვენი კმაყოფილი სტუმრების რაოდენობა მოწმობს, ნამდვილად კარგად გამოგვდის“.
სტუმრების კმაყოფილებსა და სიყვარულს „მალატში“ ბევრი ფაქტორი განაპირობებს, რა თქმა უნდა, მაღალხარისხიანი მომსახურება უმთავრესია, თუმცა ის მეგობრული გარემო, რომელიც აქ მოსულ ნებისმიერ ადამიანს ხვდება, პროცესს გაცილებით სასიამოვნოს ხდის.
„მალატის“ პროფესიული სტანდარტი უპირველეს ყოვლისა კეთილსინდისიერებას ეფუძნება - აქ მუდმივად გირჩევენ საუკეთესოს, გაგარკვევენ მოსალოდნელ შედეგებში და თქვენთან ერთად მივლენ საუკეთესო შედეგამდე. სალონური მომსახურების მიღებისას მომხმარებელი შეცდომისაგან დაცული არაა, მის მიერ შერჩეული ვარცხნილობა, თმის ფერი თუ სხვა პროცედურა, შეიძლება წინაწარი მოლოდინისაგან განსხვავებული შედეგის მომტანი იყოს, ასეთ დროს კი გულწრფელი და პროფესიონალი მრჩეველი ნამდვილად დიდი ფუფუნებაა. „მალატში“ პროფესიონალები გირჩევენ და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაშიც გეხმარებიან.
„მალატის“ გუნდი, რომელიც მუდმივად თქვენი სილამაზის სამსახურშია, 5 ადამიანისაგან შედგება.
„ყოველთვის ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, ერთი მხრივ, მათი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი დამოკიდებულებით, მეორე მხრივ კი, გუნდურობითა და მეგობრულობით. ყველა ჩვენს მომხმარებელს უყვარს „მალატში“ სტუმრობა, რადგან აქ ყოველთვის სასიამოვნო ატმოსფეროა“.
სამი წლის განმავლობაში ამ გუნდმა ბევრ გამოწვევას გაუძლო, მათ შორის უმთავრესი პანდემიური პერიოდი იყო, რაც ბიზნესის ყველა სფეროსთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა, მით უფრო სალონებისთვის, რომლებსაც რამდენიმე თვის განმავლობაში მომხმარებლის მიღება ეკრძალებოდათ. როგორც ნინი ამბობს, გახსნის შემდეგ მათთან მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა - მომხმარებლების თერმოსკრინინგი, რეგულაციებით მოთხოვნილი სხვა ზომები „მალატში“ აქამდეც მიღებული იყო:
„ფაქტობრივად, მხოლოდ თერმოსკრინინგის დამატება მოგვიწია, თანამშრომლები პროცედურებისას ნიღბებს ადრეც ხმარობდნენ, უმაღლეს დონეზე გვქონდა დაცული სტერილიზაციის მოთხოვნები, სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერები და ა.შ. ჩემთვის თითოეული ჩვენი სტუმრისა და თანამშრომლის ჯანმრთელობა პრიორიტეტული იყო და არის“.
სილამაზის სტუდია, რომელიც თავის სახელის შესაბამისად, სიყვარულით ზრუნავს თითოეული სტუმრის სილამაზეზე, მომავალში მათ კიდევ უფრო მეტ სიახლეს ჰპირდება - მიღწეულით დაკმაყოფილება ნინისა და მისი გუნდის გეგმებში არ შედის, შესაბამისად, მომავალში ბევრი გამოწვევაა, რომელიც საბოლოოდ, „ერთ მშვენიერ დღესაც“, მიღწეულ მიზნად იქცევა.