logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობას იწყებს
- +

21 ივნისი. 2021. 19:50

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობის დაწყების პროცესს ეხმიანება და კოდექსის ძირითად ასპექტებს მიმოიხილავს.

 

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო „სოციალურ კოდექსზე“ იწყებს მუშაობას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განმარტებით, სხვადასხვა მიმართულებით იწყება დისკუსიები.

შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, უნდა ჩამოყალიბდეს ევროპული სტანდარტის „სოციალური კოდექსი“. რას ნიშნავს „სოციალური კოდექსი?“ ეს გახლავთ სოციალური დაცვის სისტემის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერის საფუძველი გახდება.

კოდექსი გულისხმობს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სოციალური კეთილდღეობის უფრო ფართო პერსპექტივას (დასაქმება, სოციალური მობილობა, ჯანდაცვა, სოციალური უსაფრთხოება, სოციალური დახმარება); ცხოვრების ციკლისადმი ჰოლისტიკურ მიდგომას (ბავშვობიდან უფროს ასაკამდე) და ცხოვრების ციკლის მიღმა რისკებს (მიზნობრივი სოციალური დახმარება, საყოველთაო ჯანდაცვა); ფინანსურ მდგრადობას და ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას; გამჭვირვალობასა და დაინტერესებული მხარეების და პარტნიორების ჩართულობას.

შესაბამისად, ადგილობრივი ექსპერტებისა და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, მომზადდება წინადადებები სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე. ეს იქნება როგორც საკანონმდებლო დონეზე რეგულირების, ასევე, ინსტიტუციური მოწყობის კუთხით. შედეგად, ჩამოყალიბდება სოციალური დაცვის მდგრადი სისტემა, რომელიც მოიცავს მხარდაჭერის ღონისძიებებს ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე.

 

სოციალური დაცვის მოდელები და დაფინანსების მექანიზმები ევროპაში სხვადასხვაგვარია. თუმცა, არსებობს გარკვეული საერთო სტრუქტურები - სკანდინავიური, კონტინენტური (გერმანია, საფრანგეთი), Bევერიდგე სისტემა (ირლანდია, დიდი ბრიტანეთი), სამხრეთული (იტალია, საბერძნეთი), აღმოსავლური (ბალტიის ქვეყნები) კოდექსის მომზადების პროცესში შესწავლილი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვადასხვა მოდელი. რადგან საქართველოს აქვს ამბიცია, რომ 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ამ დროისთვის ჩვენი ქვეყნის სოციალური კოდექსი უნდა შეესაბამებოდეს იმავე სტანდარტებს, როგორიც ევროპულ ოჯახშია“, - წერს გია აბაშიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner