აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტი, რომელიც ისტორიულ მაქსიმუმზეა, გაზრდილია 25%-ით და ჯამში 414 მილიონ ლარს შეადგენს. პრაქტიკულად გათვალისწინებულია ყველა ის პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და ჩვენი პარტიის ლიდერებს, ვინაიდან მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ ბიუჯეტის დამტკიცება“, - განაცხადა რიჟვაძემ.
მისი თქმით, 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტი, აჭარის ყველა მცხოვრების საჭიროებაზეა ორიენტირებული.
„გაზრდილია ყველა მხარჯველი დაწესებულების ბიუჯეტი და მნიშვნელოვანია, რომ ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტურიზმის მაქსიმალური მხარდაჭერა, როგორც პანდემიურ ასევე პოსტპანდემიურ ვითარებაში, ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ასევე ეს ბიუჯეტი ითვალისწინებს მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას, როგორიცაა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება - 12 000-მდე ადამიანი ისარგებლებს ბუნებრივი აირით. ასევე 41 სოფელში თანამედროვე წყლის სისტემის რეაბილიტაცია და განხორციელდება და 6 000-მდე ოჯახი ისარგებლებს ამ პროგრამით. ასევე „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდება წლის ბოლოსთვის. ასევე დაიგეგმა მეორე ფაზა, რაც მოგვცემს საშუალებას დავაკმაყოფილოთ ყველა უსახლკარო ოჯახი ამ დასახლებაში“, - განაცხადა რიჟვაძემ.
ამასთან, აჭარის ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 15 მილიონი ლარითაა გაზრდილი და ჯამში 123 მილიონი ლარია. „რაც ითვალისწინებს ახალი ტურისტული ლოკაციების რეალიზებას“, - აღნიშნა რიჟვაძემ.