logo_geo
eng_logo
ეს პრემიერ-მინისტრმა უნდა იცოდეს!
- +

15 თებერვალი. 2016. 13:01


ეღირსება თუ არა ოდესმე ქართულ მედიას წერა-კითხვის მცოდნე რამდენიმე ჟურნალისტი?!

 

 

„ჟურნალისტებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა" და „დაკანონებული" კანონგარეშე ქართული



„მე-4 დღეა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კანონს არღვევს!!! არის ვინმე განმკითხავი???

 

„საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ"

 

მუხლი 40. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

 

1. 2016 წლის 1 თებერვლამდე:

 

ა) საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულება და სტრუქტურა, განსაზღვროს მისი ქონების შექმნის წესი;

 

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშნოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე."


წერს ლევან ღვინჯილია სოციალურ ქსელში.


თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მე ამ წერილს თებერვლის დასაწყისში ვწერ, მაშინ ლევან ღვინჯილია ვადების მიხედვით მართალია. სხვას იქნებ ისიც ეთქვა: ამდენი წელია ვიცდით და  ორიოდე დღის წინ დანიშნულ ადამიანს სულის მოთქმა აცადეთო! არც ეს იქნება ჭკუისგან შორს. მით უფრო, როცა ჩვენს (უფრო სწორად, ქართული ენის) სერიოზულ გაჭირვებას მოკლე დროში ვერც ბატონი კვირიკაშვილის პრინციპულობა უშველის და ვერც ასი „თავზეხელაღებული" ღვინჯილია.  ის, რაც ენასთან დაკავშირებით ქართულ ტელესივრცეში ხდება, უბედურებისა და ტრაგედიის ზღვარზე რომ თამაშობს, ამას უკვე მივეჩვიეთ. საერთოდ, ბევრ ისეთ რამეს მივეჩვიეთ და შევეგუეთ, რასაც მარტო ადმინისტრირება კი არა, გლობალური სახელმწიფოებრივი რეფორმებიც ძნელად მოერევა. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ აი, ამ ინფორმაციას:  „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, შპს „სამშენებლო-კომერციული კორპორაცია ხიდის" დამფუძნებელი თეიმურაზ წივწივაძე დააკავა.


საქმე ეხება ავჭალის  დასახლებაში არსებული ეგრეთ წოდებული „ზაჰესის ხიდის" და სარკინიგზო გზაგამტარის რეაბილიტაციის პროცესში ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ  გაიმარჯვა ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მოეხდინა ხიდის და სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქცია, დამფუძნებელმა თეიმურაზ წივწივაძემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიუჯეტის კუთვნილი 1 526 437 ლარი".


ნორმალური პატრონის ხელში ადამიანმა ბიუჯეტიდან მილიონ-ნახევარი, წესით, ვერ უნდა მოიპაროს, მაგრამ ჯანდაბას - გამოაშკარავებაც შეღავათია. ყურში არშესაშვები ქართულით დაწერილ მთელ ამ საცოდაობასაც სიტყვა-სიტყვით არ გამოვეკიდებით. სათქმელი სხვა რამეა. რას ნიშნავს - „მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება?!.." რაო - ბიუჯეტის სამართლიანად მითვისების წესიც არსებობს?  ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურს მთელი სერიოზულობით  რომ ვკითხოთ, აუცილებელია თუ არა წერა-კითხვის ცოდნა, დიდ უტაქტობას ჩავიდენთ? კი ბატონო, არც პრემიერია  საშუალო სკოლის დირექტორი და არც ფინანსთა მინისტრია დაწყებითი კლასების ქართულის მასწავლებელი, მაგრამ  დამლაგებელსაც რომ „ტესტირების" გარეშე არ იღებს სახელმწიფო სტრუქტურა სამუშაოდ, ხომ ცნობილი ფაქტია!  სწორედ ამიტომ სჭირდება ქვეყანას „ღვინჯილია". თანაც კანონი „ღვინჯილიას" შესახებ უკვე არსებობს. ფინანსთა სამინისტროს ეს შედევრი კი,  ჩვეულებრივი, მშობლიური ენისადმი დამოკიდებულების ყოველდღიური ნიმუშია და ნებისმიერი სამინისტროსა და უწყების ცხოვრების წესად ქცეული დაუდევრობა. დღემდე არავის მოუკითხავს, არ დაინტერესებულა და არც ის უფიქრია, ვინ არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ამ „გენიალური" აზრების კანონად ჩამომყალიბებელი:


მუხლი 154 - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. (?!)


მუხლი 183 - განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო  მისაკუთრების მიზნით. (?!)


ისევ ამ კანონის შემოქმედი და „განათლებული" ბატონი იურისტები თუ აგვიხსნიან, როგორ შეიძლება, „კანონიერად შეუშალო" საქმიანობაში ადამიანს ხელი და როგორ შეიძლება, „სამართლიანად მიისაკუთრო" ის, რაც არ გეკუთვნის, თორემ  ასეთი სისულელის წაკითხვისას ისეთი რამ შეიძლება წამოგცდეს, რომ მთქმელს სამართლიანად „ჩაგაყუდებენ" ბოროტი ხულიგნობისათვის.


ბევრი არ მიძებნია. რაც თვალს და ყურს პირველი მოხვდა, იმით მივიქციე თქვენი ყურადდღება, ჩემო უძვირფასესო მკითხველო! ლევან ღვინჯილიასიც კარგად მესმის. პრემიერს იმის გამოსწორების დასაჩქარებლად მოუწოდებს, რაზე ზრუნვასაც მთელი ცხოვრება შეალია. დარწმუნებული ვარ, არც პრემიერია სხვაზე ნაკლები ქართველი და ქართული ენის შესახებ კანონიც დღე-დღეზე იპოვის გზა-სავალს.


მანამდე კი ტელევიზორს მივუსხდეთ საჭორაოდ და იმის გასარკვევად -  რომელი უფრო მნიშვნელოვანია: ვინ იქნება „მაესტროს" ახალი დირექტორი, თუ ის, ეღირსება თუ არა ოდესმე ქართულ მედიას წერა-კითხვის მცოდნე და ქართულად სწორად მეტყველი თუნდაც რამდენიმე ჟურნალისტი?! რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს - იმდენი სამუშაოა, რომ პრემიერი ნამდვილად შეგეცოდება, წესიერების პრეტენზია ცოტათი მაინც თუ გაქვს! 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner