საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის თქმით, ქუთაისში დასახელებული „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებთან შედარებით მას გამარჯვების ბევრად მეტი შანსი ჰქონდა. აქვე, ნიშნიანიძე ამბობს, რომ იგი დასახელებულ კანდიდატებზე ყველა კრიტერიუმით უკეთესი იყო.
„ჩვენ ისეთ ასაკში არ ვართ, რომ გული დამწყდეს რამეზე, თუმცა, მოველოდი სხვა არჩევანს და ამას მარტო ჩემზე არ ვგულისხმობ, თუმცა, მსგავსი რაღაცებიც ხდება.
მე ბევრად მეტი შანსი მქონდა, ვიდრე დასახელებულ კანდიდატებს. შესაბამისად, რესურსებიც და შანსიც მქონდა, რადგან მე ძველი გვარდია ვარ „ქართული ოცნების". სწორედ ის ვარ, რომელიც ალბათ პირველივე ტურში მოიგებდა. ყველას წარმატებებს ვუსურვებ. ისინიც ,,ქართული ოცნების" წევრები არიან. მე ვერ ვხსნი პარტიის ლიდერების ამ გადაწყვეტილებას. კრიტერიუმები რაც არის, ათივე თითზე რომ ჩამოვთვალო, არც ერთი კრიტერიუმით ისინი ჩემზე უკეთესები არ არიან", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.