„ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილება მივიღეთ საკოორდინაციო საბჭოზე. ესაა პირველი ივლისიდან ღამის საათების შეზღუდვის მოხსნა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ რესტორნების მუშაობა ღამის 12 საათამდე იქნება დაშვებული“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, იმის გამო, რომ ჩვენ ძალიან დადებითი მოლოდინი გვაქვს ტურისტული სეზონის კარგად ჩატარების თვალსაზრისით, რადგან ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. ვხედავთ, რომ სახმელეთო საზღვრიდანაც შემოდიან ტურისტები და აჭარაშიც გაიზარდა ნაკადი. საერთო ჯამში თუ შევხედავთ საჰაერო გზიდან შემოსული ტურისტების სტატისტიკას, დღეს უკვე სამივე საერთაშორისო აეროპორტში საშუალოდ 300-350 ფრენა სრულდება. თუ შევასრულებთ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, მაშინ კვირაში სრულდებოდა დაახლოებით 600 ფრენა. ჩვენ უკვე თითქმის ნახევარზე მეტად მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რომელიც გვქონდა 2019 წელს, რომელიც ტურისტების შემოსვლით კუთხით რეკორდული იყო“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, როდესაც დადგება ტურისტული სეზონის პიკი, საჰაერო გზით შემოსული ტურისტების ნაკადის რაოდენობა 70%-ით მიუახლოვდება 2019 წლის სეზონის მაჩვენებელს.