logo_geo
eng_logo
200-ლარიანი სოციალური დახმარების მოტყუებით მიღებისთვის 3 ადამიანი დააკავეს
- +

22 ივნისი. 2021. 13:18

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დგინდება, რომ კოვიდ-პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული 200-ლარიანი სოციალური დახმარების მოტყუებით მიღებისათვის, ინდ. მეწარმემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა ორგანიზება გაუწიეს რამდენიმე ათეული პირის მობილიზებას და მათთვის ინდ. მეწარმესთან, 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადებას.

 

„ამ პირების პირადი მონაცემები წარადგინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, შესაბამისად ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 10 200 ლარს. ამასთან, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული პირები გაცემული 200-ლარიანი დახმარებიდან 100 ლარს ე.წ. „ატკატის“ სახით ართმევდნენ ბენეფიციარებს. დადგენილია, რომ აღნიშნული პირები რეალურად არ იყვნენ დასაქმებული ინდ. მეწარმესთან და შესაბამისად არ წარმოადგენდნენ საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ დასახმარებელ პირთა წრეს. გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია თაღლითურ სქემაში მონაწილე ყველა პირი და მათ მიმართ ტარდება სათანადო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, - აცხადებენ უწყებაში.

 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner