„ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად მთავრობა ყველაფერს აკეთებს“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ხშირად ვხდები კრიტიკის მსხვერპლი, ამ შემთხვევაშიც გამიჭირდება, რომ დეტალებზე ვისაუბრო. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ყველა ჩვენი პარტნიორი, მეგობარი, საერთაშორისო ორგანიზაცია ჩართულია ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში და ვიმედოვნებ, რომ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მას გაათავისუფლებენ. კიდევ ერთხელ ბოდიში, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან შეიძლება ღია საუბარმა მოლაპარაკებები ჩაშალოს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.