logo_geo
eng_logo
შსს-მ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია შეიმუშავა
- +

23 ივნისი. 2021. 12:53

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია. 1 ივლისს დოკუმენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებულ კომისიაზე გავა, შემდეგ კი წარედგინება მთავრობას და პარლამენტს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. პირველი საკითხი იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმა. შემუშავებულია ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩოს პროექტი, რომელმაც ექსპერტიზა გაიარა და მოცემულ ეტაპზე სექტორულ უწყებებთან მისი შეთანხმება იგეგმება. კანონპროექტის ინიციირება მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის. უნდა გაკეთდეს ჩამონათვალი, რომელია კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

 

მეორე საკითხი იყო ოკუპირებული ტერიტორიები და მასზე არსებული პრობლემები. სამწუხაროდ, ხშირია უკანონო დაკავებები და ტერიტორიების მიტაცება. ამაზე მაქსიმალურად ვმუშაობთ, განვიხილეთ, თუ რა გაკეთდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში და ვაგრძელებთ მუშაობას. ასევე განვიხილეთ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატმა შეიმუშავა დოკუმენტის პირველადი ვერსია და მოცემულ ეტაპზე სექტორულ უწყებებთან მისი შეთანხმება მიმდინარეობს. იგეგმება დოკუმენტის საშემოდგომო სესიაზე პარლამენტისთვის წარდგენა. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებაზე.

 

განვიხილეთ კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სრულდება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დოკუმენტის საბოლოო სახით ჩამოყალიბების პროცესი. მთავრობას დასამტკიცებლად ის ივლისის პირველ ნახევარში წარედგინება. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია. 1 ივლისს დოკუმენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებულ კომისიაზე გავა, შემდეგ კი წარედგინება მთავრობას და პარლამენტს“, - განაცხადა გომელაურმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner