„დასამალი არაფერი გვაქვს, ჩეხოვის ფესტივალზე დაგვპატიჟეს და მივდივართ!“ - ამის შესახებ შოთა რუსთაველი თეატრის დასის რეჟისორმა რობერტ სტურუამ, მოსკოვში ანტონ ჩეხოვის სახლობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გამგზავრებასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა თეატრთან ერთად ჩვენც მიგვიწვიეს და, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას. სხვათაშორის, ქართული თეატრები რუსეთში ჩუმ-ჩუმად დადიან, ჩვენ კი ამას ღიად, ვირეშმაკობისა და აფერისტობის გარეშე ვაკეთებთ.
მაგალითად, მარჯანიშვილის თეატრი სანკტ-პეტერბურგსა და ვორონეჟში იმყოფებოდა, სხვა თეატრებიც დადიან რუსეთში, ქართველი მომღერლები ჩადიან და კონცერტებს მართავენ, მაგრამ ამას არ ამხელენ, ჩვენ კი დასამალი არაფერი გვაქვს, ჩეხოვის ფესტივალზე დაგვპატიჟეს და მივდივართ! სხვათაშორის, თემურ ჩხეიძე 10 წლის განმავლობაში რუსეთში ტოვსტონოგოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო“, - განაცხადა რობერტ სტურუამ.