1 წელი და 3 თვე გავიდა მას მერე, რაც ჰააგაში, ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი დაიწყო. ამ სასამართლო პროცესზე განსახილველი საქმის არსებითი განხილვები ამ კვირაში განახლდა. ნიდერლანდების კანონმდებლობით დანიშნული სასამართლოს მთავარი მიზანია, დადგინდეს, თუ ვინ არის დამნაშავე 2014 წლის 17 ივლისს მომხდარ ავიაკატასტროფაში, რომელმაც ბორტზე მყოფი 298 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პასუხებს ელიან დაღუპულთა ოჯახები, მთელი სახელმწიფოები და არსებობს მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხების გაცემას ხელს უშლის. ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა დანაშაულებრივი კვალის დასამალად. სწორედ ამიტომაც, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართეს, სწორედ ამიტომაც რუსეთის საელჩოს წინ ჰააგაში კვლავ დგას ცარიელი თეთრი სკამები დაღუპული დიდების თუ პატარების ფოტოსურათებით. ამ მომენტისთვის ჰააგის საოლქო სასამართლო განიხილავს 4 ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხს - აქედან სამი რუსეთის მოქალაქეა - არაღიარებული ДНР-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი („სტრელკოვი“), გენერალ-მაიორი დუბინსკი („ხმური“), პოლკოვნიკი ოლეგ პულატოვი („გიურზ“ა) და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო („კროტ“). ბრალდების მტკიცებით, სწორედ ამ სეპარატისტების უშუალო მონაწილეობით მოხდა ეს ტრაგედია, ხოლო ამ ადამიანებს ზურგს რუსეთის ფედერაცია უმაგრებდა. ბრალდებულები ჰააგის სასამართლოსთან არ თანამშრომლობენ, გამოძიებასაც დაემალნენ, მხოლოდ პულატოვი რუსეთიდან გამოგზავნილი ვიდეოჩვენებებით დათანხმდა სასამართლო პროცესებში მონაწილეობას.
2014 წლის 17 ივლისს, „მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო „ბოინგი“, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, დონბასის მახლობლად, პრორუსული სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიიდან სამხედრო რაკეტის გაშვებას ემსხვერპლა, თუმცა, მომხდარზე პასუხისმგებლობა ამაზე არავინ აიღო. დაღუპულები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. თავდაპირველად, მათი ოჯახები მოითხოვდნენ, რომ საერთაშორისო ტრიბუნალი გამართულიყო და დამნაშავეები დასჯილიყვნენ, თუმცა ეს ინიციატივა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში რუსეთმა ვეტოს გამოყენებით დაბლოკა. ამის შემდეგ, ნიდერლანდების ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაემართა სასამართლო პროცესი ეროვნული კანონმდებლობით, რადგან 193 მგზავრი სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქე იყო. ასევე, სიმართლის გასარკვევად, ნიდერლანდებმა, ავსტრალიამ, ბელგიამ, მალაიზიამ და უკრაინამ ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი (JIT) შექმნეს. ეს ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ „ბოინგი“ იმ სამხედრო რაკეტამ ჩამოაგდო, რომელიც სარაკეტო-საზენიტო დანადგარ „БУК“-იდან იქნა გასროლილი, ეს დანადგარი კი პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო განთავსებული. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ „БУК“ უკრაინის აღმოსავლეთში, რუსული სამხედრო ბაზიდან მოხვდა, ტრაგედიის შემდეგ ის ისევ საზღვარზე გადაიტანეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე კურსკში დააბრუნეს. „ჩვენ საკმარისი მტკიცებულება გვაქვს იმის სათქმელად, რომ რუსეთი არის შემხებლობაში „ბოინგის“ კატასტროფასთან“, - 2019 წლის ზაფხულში თქვა JIT-ის წამყვანმა ოფიცერმა, ნიდერლანდების ყოფილმა პროკურორმა ფრედ ვესტერბეკემ. გამოძიება აცხადებდა, რომ ასეთ მტკიცებულებებს შორისაა მოწმეთა ჩვენებები, ლაინერის და მასში მოხვედრილი რაკეტის ნამსხვრევები უნიკალური სერიული ნომრით, თანამგზავრების და რადარების მონაცემები და ასევე „БУК“-ის ტრანსპორტირების ამსახველი ფოტო-ვიდეოგადაღება. ამას გარდა, გამომძიებლებმა გამოაქვეყნეს „გადაჭერილი“ სატელეფონო საუბრები, რომლებიც სეპარატისტებს შორის ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. თუმცა, უმრავი მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, კრემლი დღემდე უარყოფს იმას, რომ რაიმე შემხებლობა ჰქონდა ამ ტრაგედიასთან. პირიქითაც კი, წლებია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი დანაშაული მიჩქმალოს.
რამდენიმე დღის წინ, 17 ივნისს, ჰააგის საოლქო სასამართლოში განახლებულ სხდომაზე ბრალდების მხარემ ანუ ნიდერლანდების პროკურატურამ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება და მასალები წარმოადგინა. ეს მტკიცებულებები კვლავ იმ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს, რომ რაკეტის გაშვება მოხდა იმ სოფლების მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელსაც თვითაღიარებული ДНР-ის სეპარატისტები აკონტროლებდნენ. ასევე, სასამართლოს მიმდინარეობისას, რვაზე მეტმა მოწმემ განაცხადა, რომ მათ შეამჩნიეს მხოლოდ ერთი რაკეტა, ოცზე მეტმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ რაკეტის კვალი იხილა, ზოგმა კი თვითმფრინავის ნაწილების ვარდნა დაინახა. კიდევ სამმა მოწმემ განაცხადა, რომ უშუალოდ რაკეტის გაშვების არეალში იმყოფებოდა და პერვომაისკის ტერიტორიაზე არსებულ მინდორზე მიუთითა. პროკურორმა მანონ რიდერბეკსმა წარმოადგინა თანამგზავრული სურათები, რომლებიც მისი აზრით, მოწმეთა ჩვენებებს ემთხვევა. ამ ფოტოებზე აღბეჭდილია მინდვრის ნაწილი სოფელ სნეჟნოისთან, სადაც გარკვევით ჩანს დამწვარი ბალახი, სწორედ იმ ადგილას, რომელსაც მოწმეები უთითებდნენ. ეს მონაცემები კი იმაზე მეტყველებს, რომ გასროლა სწორედ პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა. თუმცა, კრემლი დღემდე ამტკიცებს, რომ რაკეტა უკრაინელებმა გაუშვეს. ამ მტკიცების საპირწონედ, საერთაშორისო გამოძიებამ დაადგინა, რომ არანაირი უკრაინული თვითმფრინავი ან სამხედრო დანადგარი, რომელსაც მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდება შეეძლო, იმ რაიონში საერთოდ არ ფიქსირდება. ამ ფაქტს ასევე ცხადყოფს რადარების მონაცემებიც.
ასევე, ბრალდების მხარემ შეისწავლა ვიდეოკადრები საავტომობილო რეგისტრატორიდან, რომელზეც ჩანს, რომ სატვირთო გადამზიდი „БУК-ით“ მოძრაობს ქალაქ მაკეევკის ერთ-ერთ ქუჩაზე, ის სეპარატისტების კონტროლის ქვეშ იყო. პროკურორებმა შეადარეს ის თანამგზავრულ ფოტოებთან, რომლებიც 17 ივლისის დილას იყო გადაღებული. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ რეგისტრატორის ფოტოები ნამდვილია. რეგისტრატორის და ევროპის კოსმიური სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ფოტოებზე თანხვედრაშია ყველა ორიენტირი - კედლები, ხეები, გზის გასაყარი, სარკინიგზო გადასასვლელი და ხეების ჩრდილები.
მტკიცებულებათა შორის არის სატელეფონო საუბრებიც - ირკვევა, რომ 2014 წლის 16 ივლისისთვის პრორუსი სეპარატისტების ხელმძღვანელობა რთულ მდგომარეობაში იყო, ჰქონდათ დიდი ადამიანური დანაკარგი და აქტიურად იღებდნენ დახმარებას რუსეთის ფედერაციისაგან. სასამართლო სხდომაზე მოისმინეს ის „გადაჭერილი“ სატელეფონო საუბრებიც, რომლებიც 17 ივლისს დილით სეპარატისტებს შორის რუსეთიდან „БУК“-ის ტრანსპორტირებას თემას ეხებოდა. ასევე, სასამართლომ მოუსმინა იმ სატელეფონო საუბრებსაც, რომლებიც „ბოინგის“ ჩამოგდების პირველ წუთებში შედგა. თავიდან ნათქვამი იყო ფრაზა „ჩამოვაგდეთ“. მაშინ ბრალდებული სეპარატისტი ხარჩენკო თავის უფროსს ოლეგ პულატოვს ატყობინებდა, რომ უკრაინული სამხედრო „სუ 25“ ჩამოაგდეს, რაზეც ის პასუხობდა „ყოჩაღ!“. მომხდარიდან დაახლოებით ნახევარ საათში სეპარატისტებმა დაიწყეს იმის განხილვა, რომ ეს შესაძლოა არა უკრაინელების სამხედრო ბორტი, არამედ სამგზავრო ლაინერი ყოფილიყო.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოში მოისმინეს სეპარატისტების პულატოვის და დუბინსკის ის სატელეფონო საუბარიც, რომელიც 17 ივლისს შედგა - სეპარატისტები ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ აუცილებელია უკრაინული პოზიციების მიმართულებით სროლა „აღმოსავლელმა მეზობელმა“ დაიწყოს. ეს „მეზობელი“ ანუ რუსეთი დღემდე უარყოფს იმ ფაქტს, რომ პრორუს სეპარატისტებს ყველანაირად დაეხმარა და უკრაინის ანექსია მოახდინა.
შემდეგი სასამართლო განხილვა ჰააგაში ხვალ, 24 ივნისს ჩატარდება, სიტყვით გამოვა სეპარატისტი ოლეგ პულატოვის დაცვის მხარე. ამის შემდეგ სასამართლო კოლეგია საზაფხულო არდადეგებზე გავა, ხოლო სექტემბერში დაიწყება დაღუპულთა ნათესავების მოსმენები. ნიდერლანდების პროკურატურა გეგმავს, რომ საბოლოო ბრალდება ნოემბერში წარადგინოს. დაგროვებული მტკიცებულებების გათვალისწინებით კი არ არის შორი ის დრო, როდესაც მომხდარ ტრაგედიაზე რეალური პასუხისმგებლობა არა მხოლოდ 4 ადამიანს, არამედ ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს დაეკისროს.
მანამდე კი, მოდით, უბრალოდ ვნახოთ, რა სიტყვებით მიმართეს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, რომელსაც დღემდე არ სურს, პასუხი აგოს იმ ყველაფრის გამო, რაც 2014 წლის 17 ივლისს მოხდა.
„იმ ივლისის დღეს მომხდარი გამოუსწორებელი მოვლენების თქვენეულ უარყოფას ჩვენ ვერ შევეგუებით. ვწუხვართ იმ განვლილი შვიდი წლის გამო, როდესაც თქვენ ჩვენი ტკივილის აღიარებაზე უარს აცხადებდით და პირიქით მხოლოდ აღრმავებდით მას. სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ვერ გრძნობთ, რამდენად ძლიერია რუსეთი, რათა თავისი „ჩავარდნები“ აღიაროს. სამწუხაროა იმ პრეზიდენტის დანახვა, რომელიც თავისი ერის ჭეშმარიტი სიდიადის მისაღწევად არ ისწრაფვის“.
ნოდარ საბანაძე