logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: მამუკა ხაზარაძე ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან დისკრიმინაციული ლექსიკით საუბრობს
- +

24 ივნისი. 2021. 15:40

 

 

„დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრობს დისკრიმინაციული ლექსიკით და შეზღუდული შესაძლებლობის მინიშნებით იყენებს სიძულვილის ენას,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რითაც პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

იონათამიშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან დისკრიმინაციული ლექსიკით ისაუბრა, რის გამოც პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართავს.

 

„დღეს, მამუკა ხაზარაძე საპარლამენტო ტრიბუნიდან: „…რა სიტყვა ვიხმარო, არც ვიცი რა. გგონიათ, რომ ხალხი ბრმა არი, ყრუ არი…“. სამწუხაროდ, დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრობს დისკრიმინაციული ლექსიკით და შეზღუდული შესაძლებლობის მინიშნებით იყენებს სიძულვილის ენას.

 

ბატონო მამუკა, უსინათლო და სმენის არმქონე ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. შეიძლება, ეს თქვენთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ მათ, თანაბარი პირობების შემთხვევაში, შეუძლიათ ყველაფერი ძალიან კარგად გაიგონ და დაინახონ.

 

ჩემთვის, კრიტიკულად მიუღებელია, საქართველოს პარლამენტში მსგავსი საკითხების უყურადღებოდ დატოვება, ამიტომ შესაბამისი შეფასებისა და პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, პრეცედენტების შექმნა. მე აუცილებლად მივმართავ პარლამენტის ეთიკის საბჭოს. სახეზეა, საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მესამე მუხლის (ქცევის წესები) „ო“ ქვეპუნქტის დარღვევა.

 

P.S. სიტყვით გამოსვლა გადაიცემა სურდო თარგმანით. ერთი წამით, წარმოვიდგინოთ, სმენის არმქონე ადამიანების რეაქცია, როცა ბატონი მამუკა მათ დამამცირებელ და დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენიებს“, – წერს რატი იონათამიშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner