ბათუმის პორტში დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საჰაერო გამანადგურებელი HMS Defender-ი შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს:
"მოხარულები ვართ ბათუმში ვუმასპინძლოთ დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საჰაერო გამანადგურებელს HMS Defender-ს.
დიდი ბრიტანეთი განაგრძობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად," - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრიტანული HMS Defender-ი გასული დღეებში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. რუსეთის მტკიცებით, 23 ივნისს, როდესაც დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის საჰაერო გამანადგურებელი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით მიცურავდა, HMS Defender-ი შევიდა "რუსეთის ტერიტორიულ წყლებში". ამის შემდეგ რუსეთის საპატრულო ხომალდმა გაფრთხილების ნიშნად ისროლა, ხოლო რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თითქოს ბომბი ჩამოაგდო ნაღმოსნის გზაზე.