ავტორი მარიამ პაიჭაძე
„შევარდნაძის დროს დაიწყო ბევრმა ადამიანმა პოლიტიკური თუ სახელმწიფო საქმიანობა ამ ქვეყანაში", - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე კობა ნარჩემაშვილის კანდიდატურის წარდგენის გამო რიგი პოლიტიკური პარტიების უკმაყოფილებას. უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ნარჩემაშვილი შევარდნაძის პერიოდში ხელისუფლებაში იყო და მას „შევარდნაძის კადრად" მოიხსენიებენ.
„შევარდნაძის გუნდში და მის დროს დაიწყო საქმიანობა მიხეილ სააკაშვილმა და მთელმა ნაციონალურმა პოლიტელიტამაც. აქედან გამომდინარე სრულიად უადგილოა, კობა ნარჩემაშვილი ამ კონტექსტში მოვიხსენიოთ. ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როდესაც ხდებოდა ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუცია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პირადად მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა, ვფიქრობ, ძალიან ადეკვატური პოზიცია დაიკავა და მოვლენები ისე წარმართა, რომ სიტუაცია არ გართულებულიყო და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ერთ-ერთი, ვისი დამსახურებითაც ასე დასრულდა ყველაფერი, კობა ნარჩემაშვილი იყო", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
აქვე, ჟვანია საუბრობს დანარჩენ კანდიდატებზე და ამბობს, რომ დასახელებულ კანდიდატებს არჩევნებში წარმატების მოპოვების საშუალება აქვთ.
„რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, სიმართლე გითხრათ, კარგად არ ვიცნობ მათ. კანდიდატების არჩევის პროცესი „ქართულ ოცნებაში", როგორც ვხედავთ, არის ხანგრძლივი მუშაობისა და კონსულტაციების შედეგი. ვფიქრობ, დასახელებული კანდიდატები საუკეთესოები იქნებიან, ვისაც შეუძლიათ არჩევნებში წარმატების მოპოვება და შემდგომში პარლამენტში წარმატებული საქმიანობა", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.