logo_geo
eng_logo
„ახალგაზრდა ადვოკატები“: სასამართლომ გიორგი პაპუაშვილს საქმის შეწყვეტაზე უარი უთხრა
- +

19 ივლისი. 2016. 15:48


2016 წლის 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სადავო ქონებაზე, გიორგი პაპუაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რითაც მოთხოვნილ იქნა საქმისწარმოების შეწყვეტა და სარჩელის განუხილველად დატოვება.


„ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 18 ივლისის სასამართლოს სხდომა აღმოჩნდა ტესტი ყველა მხარისთვის, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებზე მსჯელობისას, ვინაიდან მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ ვერ შეძლო გაბედული და თამამი გადაწყვეტილებების მიღება. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მართალია, მოსამართლეს არ უნდა დავუკარგოთ პროფესიული გამბედაობა მაშინ, როდესაც არ დააკმაყოფილა საქმისწარმოების შეწყვეტა და სარჩელის განუხილველად დატოვების მოთხოვნა, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ როლანდ ბლადაძეს გააჩნია იურიდიული ინტერესი დარღვეული ქონებრივი უფლებებისთვის იბრძოლოს, თუმცა მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ არ დააკმაყოფილა  არჩილ კაიკაციშვილის არც ერთი სხვა შუამდგომლობაც, რომელიც ეხებოდა მოწმის სახით საქმეზე ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დაკითხვას, სადავო ხელშეკრულების რეალური ღირებულების დადგენის მიზნით, სახელმწიფო ექსპერტის დანიშვნას.


მოსარჩელე როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს წინაშე დააყენა შემდეგი სახის შუამდგომლობები:


1.         საქართველოს პრეზიდენტის 2004-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა. მოსარჩელის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, სადავო ქონება გადაეცა გიორგი პაპუაშვილს. სახელმწიფო ქონების გადაცემის მომენტში ფლობდა ინფორმაციას, რომ ბინის ჩამორთმევას მოქალაქე სადავოს ხდიდა სხვადასხვა საჩივრით. საქმეში არსებობს როლანდ ბლადაძის მეუღლის, მარინა ესელიძის 2007 წლის 11 მაისის წერილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელშიც პირდაპირაა გადმოცემული, რომ სადავო ქონება პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილისთვის უნდა გადაეცა. არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინოს სახელმწიფოს მართლზომიერებისა და კანონიერების საკითხი. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა, იქედან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძღულია სისხლის სამართლის საქმე, გამოცხადებულია შიდა ძებნა, სასამართლოს დაკითხვის საშუალებად Skype გამოყენება ან კითხვების ოფიციალური გადაგზავნა შესთავაზა. არჩილ კაიკაციშვილმა განაცახდა, რომ მოცემულ შემთხვევაში, იდენტიფიცირებულია მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი და სამუშაო ადგილის მისამართი. მოსარჩელის შუამდგომლობას არ დაეთანხმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვაზე უარი თქვა გიორგი პაპუაშვილის ადვოკატმაც. სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი მიზანშეუწონლობის პრინციპებიდან გამომდინარე განაცხადა.


2.         საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006-2008 წლებში გიორგი არველაძის მოწმის სახით დაკითხვა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სწორედ გიორგი არველაძის უშუალო დავალებითა და ხელმოწერით მოხდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება გიორგი პაპუაშვილთან. გიორგი არველაძემ არამართლზომიერად განახორციელა სახელმწიფოს ამოცანები, როდესაც სახელმწიფო ფლობდა ინფორმაციას ქონების სადავოობის თაობაზე, თუმცა ქონება მაინც გასხვისდა. არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, სასამართლოს ინტერესი უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს მართლზომიერებისა და კანონიერების საკითხის შეფასება. შესაბამისად, ყოფილი მინისტრის მიმართ კითხვები იქნებოდა ლეგიტიმური, რამდენად კანონის ფარგლებში განახორციელა საჯარო უფლებამოსილება. გიორგი არველაძის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობაზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. შუამდგომლობას არ დაეთანხმა გიორგი პაპუაშვილის ადვოკატი და აღნიშნა, რომ სამინისტროს წარსულ მოქმედებებზე პასუხსს სამინისტროს დავის ფარგლებში წარმოდგენილი დღევანდელი წარმომადგენელი აგებდა. სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი მიზანშეუწონლობის პრინციპებიდან გამომდინარე განაცხადა.


3.         საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლბების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძის მოწმის სახით დაკითხვა. არჩილ კაიკაციშვილმა განაცახდა, რომ ელენე თევდორაძემ ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში, ტელე/რადიო „ობიექტივის" ღია ეთერში განაცახდა, რომ სადავო ქონების გასხვისებამდე იმყოფებოდა ბათუმში და შეხვდა გიორგი პაპუაშვილს, სადაც მან სასამართლოს თავმჯდომარეს სთხოვა, რომ სადავო ქონება არ მიეღო. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქმეში არსებობს ელენე თევდორაძის 2007 წლის 18 ივნისის წერილი, რომლითაც დადასტურებულია, რომ სადავო ქონების გადაცემას ქონების გადაცემამდე სახელმწიფო გიორგი პაპუაშვილისთვის ვარაუდობდა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, როლანდ ბლადაძის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს გიორგი პაპუაშვილი ცნობილი იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე". შესაბამისად, არჩილ კაიკაციშვილმა ელენე თევდორაძის დაკითხვა სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების დასასაბუთებლად მოითხოვა. სასამართლო დაინტერესდა, უზრუნველყოფდა თუ არა მოსარჩელე მოწმის დასაკითხად წარმოდგენას, რაზედაც არჩილ კაიკაციშვილმა დადებითი პასუხი განაცხადა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შუამდგომლობის მიმართ პოზიციის გამოთქმისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა მიეღო. შუამდგომლობას არ დაეთანხმა გიორგი პაპუაშვილის ადვოკატი. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ ელენე თევდორაძის წერილი საქმეში მტკიცებულების სახით არსებობდა. შესაბამისად, საერთო გადაწყვეტილების მიღების დროს, ელენე თევდორაძის პოზიციაზე აღნიშნული დოკუმენტით იმსჯელებდა.


4.         არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს წინაშე დააყენა თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მოწმის სახით დაკითხვის სავალდებულობაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი პაპუაშვილი იმავდროულად წარმოადგენდა მხარეს, შესაბამისად, მოქმედებდა კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებით და სასამართლოს არ გააჩნდა არავითარი ბერკეტი, გიორგი პაპუაშვილის მიმართ სასამართლო სხდომაზე გამოცხადების იძულებითი ღონისძიება გაეტარებინა. არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი პაპუაშვილის მიმართ კითხვები არამხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეებს, არამედ სასამართლოსაც გააჩნდა, ხოლო კანონმდებლობაში არ არსებობდა ცალსახად მითითება, მოპასუხე არ შეიძლება მოწვეულ ყოფილიყო მოწმის სტატუსითაც. მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გიორგი პაპუაშვილის მიმართ მოწოდებაც გააჟღერა და აღნიშნა, რომ სასამართლო მზად არის, მოუსმინოს გიორგი პაპუაშვილსაც, თუკი გიორგი პაპუაშვილი მზად არის, უპასუხოს დავის ირგვლივ არსებულ კითხვებს.


5.         არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა და აღნიშნა, რომ 2007 წლის 21 ივნისის სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების რეალური ღირებულების განსაზღვრის მიზნით, უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ექსპერტიზის დანიშვნა. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, როგორც სასამართლო საქმის მასალებს გაეცნო, წარმოდგენილია 2000 წლის 15 მარტის როლანდ ბლადაძესა და სოსო ბოლქვაძეს შორის ყიდვა-გაყიდვის ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია, რომ უძრავი ქონება მისამართზე: ქ. ბათუმი, ერას ქუჩა #37 (ამჟამად გორგილაძის ქუჩა) გასხვისებულ იქნა 18 ათასს ლარად. 2015 წლის 17 მარტის გიორგი პაპუაშვილსა და გიორგი ლევიძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, სადავო ქონება შეაფსებულია 195 000 აშშ დოლარად. 2007 წლის 21 ივნისის გიორგი პაპუაშვილსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულებად მითითებულია - 1000 ლარი. იქედან გამოდმინარე, რომ გიორგი პაპუაშვილი სადავო ობიექტზე ექპერტის დაშვებაზე უარს აცხადებს, საჭირო იყო სასამართლოს გადაწყვეტილებით მომხდარიყო სახელმწიფო ექსპეტიზის დანიშვნა, რათა შეფასებულიყო ქონების რეალური საბაზრო ღირებულება, რომელიც კავშირშია ხელშეკრულების კანონსაწინააღმდეგო და ამორალურობის დასადგენად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შუამდგომლობის მიმართ პოზიციის გამოთქმისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა მიეღო. შუამდგომლობას არ დაეთანხმა გიორგი პაპუაშვილის ადვოკატი. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, სადავო ხელშეკრულების რეალური ღირებულების დადგენას მნიშვნელობა არ ჰქონდა, აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილება კი მოემსახურებოდა სასამართლო სხდომის გაჭიანურებას. არჩილ კაიკაციშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზშივე მხარისთვის წართმეული საპროცესო უფლება უწოდა და ცალსახად აღნიშნა, რომ მოსამართლის მიუკერძოებლობიოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან კითხვებს აჩენდა. არჩილ კაიკაციშვილმა დიანა ფარქოსაძის საქმიდან აცილების საკითხის დასმა არ გამორიცხა, რაზედაც მოსამართლემ აღნიშნა, რომ აღნიშნული მოქმედება მხარის უფლებას წარმოადგენდა.


2016 წლის 18 ივლისის სასამართლო სხდომა მორიგების წინადადებაზე მხარეთა პოზიციების მოსმენით გაიხსნა, ვინაიდან 2016 წლის 31 მაისიდან დღემდე, სასამართლომ სამართალწარმოება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე გადადო, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო აფიქსირებდა მზადყოფნას გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე ალტერნატიული წინადადებები განეხილა. 18 ივლისის სხდომაზე უმნიშვნელოვანესი საკითხი გაირკვა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, სვიმონ ფირცხალაიშვილმა განაცახდა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო გიორგი პაპუაშვილთან მორიგების წინადადების განხილვა. გიორგი პაპუაშვილის წარმომადგენელმა გოჩა გოგიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი პაპუაშვილთან სახელმწიფოს არც ერთი უწყებიდან, არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად, მორიგების თაობაზე, კომუნიკაცია არ შემდგარა. გოჩა გოგიშვილის განცხადებით, სწორედ ასეთი კომუნიკაციის შემდგომ შეიძლება განხილულიყო სახელმწიფოსგან ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ქონების დათმობა ახლის ნაცვლად. მოსამართლემ აღნიშნა, რომ დავის ნებისმიერ ეტაპზე მორიგების წინადადებაზე მსჯელობა შესაძლებელია, თუმცა მიუთითა, რომ სახელმწიფოს მეტი ძალისხმევა და მოქმედებები შეეძლო. თავის მხრივ, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ გაურკვეველი რჩებოდა, სახელმწიფოს მხრიდან გიორგი პაპუაშვილთან კომუნიკაცია არ შედგა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე თუ რა დამაბრკოლებელი გარემოებები არსებობდა დიალოგისთვის. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, სვიმონ ფირცხალაიშვილმა დაადასტურა, რომ მორიგების აქტის პროექტისთვის არსებობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების პროექტიც, თუმცა რატომ არ აღმოჩნდა კომუნიკაციაში სამინისტრო და გიორგი პაპუაშვილი, მისთვის უცნობ გარემოებად რჩებოდა.


არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2016 წლის 14 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ და 2016 წლის 13 ივლისის გიორგი პაპუაშვილის მიმართ გაგზვანილი წერილებით, მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა მორიგების საკითხის მნიშვნელობა. მინისტრს ეთხოვა საკითხის პირად კონტროლზე აყვანა, გიორგი პაპუაშვილს კი გაეცნო მოსარჩელის მორიგებასთან დაკავშირებული პირობები. გიორგი პაპუაშვილის ადვოკატმა გოჩა გოგიშვილმა არჩილ კაიკაციშვილის წერილის მიღების ფაქტი დაადასტურა.

სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობების ამოწურვის შემდგომ, სასამართლო მოსამზადებელი სხდომიდან მთავარ სხდომაში გადაზარდა, რა დროსაც, არჩილ კაიკაციშვილმა მოსამართლე დიანა ფარქოსაძეს შეახსენა, რომ კანონი დაარღვია და სასამართლოს მთავარ სხდომამდე უნდა ემსჯელა სარჩელის დასაშვებობის მომენტიდან დასმულ საკითხზე - განსჯადობის მიმართულებით.


როგორც ცნობილია, როლანდ ბლადაძემ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართა, თუმცა 2016 წლის 25 იანვრის სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის განჩინებით, როლანდ ბლადაძის მხარისთვის შეუტყობინებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ საქმე განსახილველად გადასცა სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას, რითაც მოხდა საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევა, როდესაც სასამართლომ სამინისტროს შუამდგომლობაზე არ მოისმინა მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია, რაც მიღებული გადაწყვეტილების წინაპირობა უნდა ყოფილიყო. მხარე მოკლებული აღმოჩნდა გაცნობოდა სამინისტროს პოზიციას, მაშინ, როდესაც მოსამართლის მიერ მიღებული განჩინება საქმის განსჯადობის შესახებ, საბოლოოა და არ საჩივრდება. მიღებული გადაწყვეტილებებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ერთმნიშვნელოვნად დაარღვია მხარეთა შეჯიბრითობა და თანასწორუფლებიანობა. 2016 წლის 31 მაისიდან 18 ივლისის სხდომაზეც, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა ამ საკითხზე. მეტიც, მოსარჩელემ 2016 წლის 27 მაისს (სასამართლოში რეგისტრაციის #374459) მოსამართლე დიანა ფარქოსაძის წინაშე დააყენა საკითხი საქმე განსჯადობით დაბრუნებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის. ამდენად, მოსამართლემ გვერდი აუარა აღნიშნულ საკითხს და საკითხის გადაუწყვეტლად, საქმის განხმილველ სასამართლოდ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მიიჩნია.


არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ უხეშად დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, განსჯადობის საკითხმა შესაძლებელია საქართველოს უზენაესს სასამართლოში გადაინაცვლოს, ხოლო დადგეს მოსამართლის დისციპლინარული წესით პასუხისმგებლობის საკითხი. საკითხზე მხარე ჩამოყალიბებულ პოზიციას უახლესს დღეებში მიიღებს.


შეგახსენებთ, რომ სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.


სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 27 ივლისს, 13:00 საათზე  განახლდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner