„ორიოდე წლის წინათ, ერთ-ერთ ვერნისაჟზე გამოსვლისას, ერთმა ხელოვნებისმცოდნემ განაცხადა: „ძალიან ძნელია მხატვრობაზე საუბარი იქ, სადაც გუდიაშვილი ნიჟარაძეზე დიდი ფერმწერი ჰგონიათ".
***
დღეს არ მინდა, ბატონი ზურაბი ვინმეს შევაჯიბრო და შევადარო.
ის შეუდარებლად დიდი მხატვარია.
***
ნიჟარაძე უნდა იცოდე.
ეს ძალიან ძნელია.
მაგრამ იმდენად დემოკრატიულია, რომ თავისთან ადვილად გიშვებს.
მთავარია, იგრძნო.
შეუძლებელია, ვერ იგრძნო.
***
განსაცვიფრებელი იყო მისი ინტელექტი და ერუდიცია.
ან ხატავდა, ან კითხულობდა.
***
მისი საუბრები?!
ნამდვილი მასტერკლასები.
გონებას რომ გაგინათებდა.
***
ხშირად წარმოთქვამდა სახარების ამ ღვთაებრივ ფრაზას: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება"...
აქედან გამომდინარეობდა მისი შემოქმედებითი კრედო: „ხელოვნების ნაწარმოები არ უნდა დასრულდეს"...
***
ჩემს თეკლას ხატავდა.
ერთი სული მქონდა, როდის გამომატანდა.
ერთ-ერთ სეანსს ქალბატონი ქეთი კორძახია შემოესწრო და აღტაცება ვერ დამალა:
„ვაიმე, რა კარგი პორტრეტია!"
ცოტა ხნის შემდეგ, ჩურჩულით შევჩივლე, ჯერ არ მატანს-მეთქი. მანაც ჩურჩულით მითხრა: „წაიღე, თორემ არასოდეს დაასრულებს."
***
მისი გზაც არასოდეს დასრულდება.
დიდი სიცოცხლე, ანუ უკვდავება ახლა იწყება.
სევდას, მისი გარდაცვალებით გამოწვეულს, მხოლოდ ეს თუ გაანელებს...