logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: ერთმა ხელოვნებისმცოდნემ განაცხადა: ძალიან ძნელია მხატვრობაზე საუბარი იქ, სადაც გუდიაშვილი ნიჟარაძეზე დიდი ფერმწერი ჰგონიათ
- +

26 ივნისი. 2021. 00:27

 

„ორიოდე წლის წინათ, ერთ-ერთ ვერნისაჟზე გამოსვლისას, ერთმა ხელოვნებისმცოდნემ განაცხადა: „ძალიან ძნელია მხატვრობაზე საუბარი იქ, სადაც გუდიაშვილი ნიჟარაძეზე  დიდი ფერმწერი ჰგონიათ".

 

 ***

დღეს არ მინდა, ბატონი ზურაბი ვინმეს შევაჯიბრო და შევადარო.

ის შეუდარებლად დიდი მხატვარია.

***

ნიჟარაძე უნდა იცოდე.

ეს ძალიან ძნელია.

მაგრამ იმდენად დემოკრატიულია, რომ თავისთან ადვილად გიშვებს.

მთავარია, იგრძნო.

შეუძლებელია, ვერ იგრძნო.

***

განსაცვიფრებელი იყო მისი ინტელექტი და ერუდიცია.

ან ხატავდა, ან კითხულობდა.

 ***

მისი საუბრები?!

ნამდვილი მასტერკლასები.

გონებას რომ გაგინათებდა.

***

ხშირად წარმოთქვამდა სახარების ამ ღვთაებრივ ფრაზას: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება"...

აქედან გამომდინარეობდა მისი შემოქმედებითი კრედო: „ხელოვნების ნაწარმოები არ უნდა დასრულდეს"...

***

ჩემს თეკლას ხატავდა.

ერთი სული მქონდა, როდის გამომატანდა.

ერთ-ერთ სეანსს ქალბატონი ქეთი კორძახია შემოესწრო და აღტაცება ვერ დამალა:

„ვაიმე, რა კარგი პორტრეტია!"

ცოტა ხნის შემდეგ, ჩურჩულით  შევჩივლე,  ჯერ არ მატანს-მეთქი.  მანაც ჩურჩულით მითხრა: „წაიღე, თორემ არასოდეს დაასრულებს."

***

მისი გზაც არასოდეს დასრულდება.

დიდი სიცოცხლე, ანუ უკვდავება ახლა იწყება.

სევდას, მისი გარდაცვალებით გამოწვეულს, მხოლოდ ეს თუ გაანელებს...

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner