არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ მამა-შვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
სხდომა მედიისთვის დახურული იყო. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ საქმის სიმძიმიდან გამომდინარე და არასრულწლოვნების ინტერესების დაცვის მიზნით მიიღო.
ბრალდებულ მამა-შვილს სამი სახაზინო ადვოკატი იცავდა. სასამართლო პროცესს არც ერთი მხარის ახლობელი არ ესწრებოდა.
მამა-შვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს. მათ ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურის ცნობით, 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით, მამა-შვილმა, ბ.გ.-მ და ზ.გ.-მ 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი დანაშაულის შესახებ შეტყობინება 2021 წლის 23 ივნისს მიიღო და ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.