„ჩვენი სამშობლოს" ლიდერი ზვიად ჩიტიშვილი „ალიასთან" ინტერვიუში „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით საუბრობს. ჩიტიშვილის განცხადებით, მისი პარტია „ნაციონალური მოძრაობისთვის" პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითხოვს.
„ჩვენი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის მოთხოვნის კამპანიას იწყებს. „ნაცმოძრაობის" სისხლიანმა რეჟიმმა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სახელმწიფოს ზიანი მიაყენა, მათ დაიწყეს მდიდარი ადამიანების დაპატიმრება და ბიზნესის დატერორება. სააკაშვილმა ტელედაპატიმრებების სერიალები შექმნა. შექმნა გაურკვეველი ფონდები, რასაც დაარქვეს „სახელმწიფოს განვითარების ფონდი" და რეალურად, ეს თანხა მათ ჯიბეებში ილექებოდა.
ახლა, როცა ორგვამიანი ვანო მერაბიშვილი ციხეში ზის, რომელსაც ადამიანების სისხლში ხელი აქვს გასვრილი, რომელიც არაადამიანურად არბევდა მიტინგებს და სასაკლაოებს აწყობდა, „ნაცმოძრაობა" მას პოლიტპატიმრად გვისაღებს. როცა მდიდრებს ფული წაართვეს, საშუალო ფენის გაძარცვაზე გადავიდნენ. ესენი ქურდებზე დიდი ქურდები იყვნენ, კლეპტოკრატები, ჯალათები, მათ გადაწყვიტეს, რომ ახალი ჯიშის ქართველები გამოეყვანათ და ის, რაც ჩვენს ღირებულებებსა და ზნეობას ეწინააღმდეგებოდა, ნორმად დაგვიწესეს... საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას იმხელა ზიანი არ მიუყენებია ჩვენი ქვეყნისთვის, რაც „ნაცმოძრაობამ" გააკეთა, მათ მოგვიწყვეს სულიერი და ფიზიკური გენოციდი, მოსახლეობაში დათესეს შიში, ძალადობა ნორმა გახადეს. სულის ამოხდით გვემუქრებოდნენ და ეს ადამიანები დღეს რევოლუციას აანონსებენ. მკვლელები, მწამებლები და ადამიანთა უფლებების დამრღვევები, შეხედეთ, რა დღეში არიან. ეს არის ცინიზმის უკიდურესი ფორმა, როცა ბედავენ და ლაპარაკობენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, სამართლიანობაზე, ამით ისინი დაგვცინიან. 200 უდანაშაულო ახალგაზრდა ჩაცხრილეს, სიკვდილის ესკადრონები დაამკვიდრეს, ადამიანები უმისამართოდ გააქრეს, მათ კვალს დღემდე ვერ მიაკვლიეს. ნულოვანი ტოლერანტობა გამოგვიცხადეს, სააკაშვილის ლოზუნგი იყო - „ყველანი ციხეში!" ხელებაწეულ ადამიანებს ხვრეტდნენ და საქმეს აყალბებდნენ, სასამართლო და პროკურატურა ჯიბეში ჩაისვეს. ქვეყანაში ტერორი მძვინვარებდა. არაადამიანური მოპყრობისა და წამების 27000 ფაილი სამალავებში აღმოაჩინეს, ნუთუ ეს არ არის ამ დამნაშავე რეჟიმის დასაპატიმრებლად საკმარისი მტკიცებულება?! ის, რაც ქართულ ციხეებში ხდებოდა, ფაშისტებსაც არ გაუკეთებიათ. ესენი არიან ნეოფაშისტები და როგორც გარმანიამ აკრძალა ნაცისტების პარტია, ჩვენი პარტია მოითხოვს, ასევე აიკრძალოს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა" და ამ დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერებს აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა",- განაცხადა ჩიტიშვილმა.