„პრემიერ ღარიბაშვილის საპარლამენტო გამოსვლამ, დასმულმა კითხვებმა და ოპონირების აქცენტებმა თუ ხარისხმა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა ის მწარე რეალობა, რომელშიც პოლიტიკური კლასია ჩარჩენილი. დებატის კულტურა უბრალოდ არ გვაქვს და დებატად წოდებული უსაგნო კამათი, ხშირად შეურაცხყოფის დონეზეა გადასული. ეს თანაბრად ეხება ძველ პოლიტიკურ კლასსაც, თუ მათ კლასი როგორც ასეთი შეიძლება უწოდო, და ახლების დიდ ნაწილსაც სამწუხაროდ,“ - ამის შესახებ Facebook-ზე ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე წერს. მან ყურადღება ასევე ყოფილი პრემიერის პარტიაზე გაამახვილა.
„პრემიერ-მინისტრის, თან ოპონენტის პარლამენტში გამოსვლისას, ოპოზიცია უბრალოდ ვალდებულია არა მხოლოდ მოუსმინოს, არამედ გამართოს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დებატი, იქნება ეს ეკონომიკა, სოციალური თუ უსაფრთხოების საკითხები. ეს არის არა ვალდებულება არამედ საკუთარი მოსახლეობის პატივისცემაც,რადგან ადამიანებს სწორედ ხვალინდელი დღის პერსპექტივა აინტერესებთ და საერთოდ არ აინტერესებთ უსაგნო კამათი და შოუების დადგმა.
ბუნებრივია, საპარლამენტო მოსმენის შემდეგ ამ თემებმა სტუდიებში გადაინაცვლა, მაგრამ რასაც ვუყურებთ, საერთო ნაკლებად აქვთ იმ პრობლემების თემატურ განხილვებთან რომელიც ჩვენ ქვეყანას და თითოეულ ადამიანს უნდა აწუხებდეს.
შეიძლება ოპონენტს არ ეთანხმებოდე წარმოდგენილ კონცეფციაში, ეკონომიკურ პარამეტრებში, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი არა ჯანსაღი პოლემიკის ან ალტერნატიულ შემოთავაზებების დონეზე, არამედ ურწმუნო თომას დონეზე დაგყავს, იქ მთავრდება ყველაფერი. საპარლამენტო ოპოზიციის დაბალი რეიტინგებიც ამის თავისებური ანარეკლია. ნაციონალური მოძრაობისაგან ამ სტილის დებატს, ობსტრუქციის და პოპულიზმის ელემენტებით ისედაც მივეჩვიეთ, და არაერთი მარგალიტიც გვახსოვს ბოლო 9 წლის მანძილზე. ცოტა გასაკვირია ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტიების მხრიდან ოპონირების წმინდა ნაციონალური სტილის გადაღება.
ან რა არ იყო პრემიერის გამოსვლაში არაარგუმენტირებული, ბატონი ხაზარაძე, რომ ამტკიცებდა 5 % პროცენტიანი ზრდის პირობებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის გაორმაგება შეუძლებელიაო? ამ დროს წარმოდგენილი 10-წლიანი პროგრამის მთელი ნარატივიც, სწორედ არსებული ზრდის ტრანსფორმაციაზეა აგებული. უახლოეს წლებში, ადგილობრივი წარმოების სტიმულირება და ექსპორტზე ორიენტირება, გაზრდილ საინვესტიციო მიმზიდველობასთან ერთად, თავისუფლად იძლევა იმის წინაპირობას, რომ ეკონომიკა 2030 წლისათვის საშუალოდ წლიურად მინიმუმ 7. 5 პროცენტით გაიზარდოს, რაც სავსებით მიღწევადია და ეკონომიკის გაორმაგების ტოლფასია.
კიდევ უფრო გასაკვირია ყოფილი პრემიერის პარტია საქართველოსთვის, ახალი სახეების ნაწილის მხრიდან ანალოგიური კონტექსტების განმეორება, საპარლამენტო ტრიბუნიდან თუ ოპო-სტუდიებშიც. უსაგნო და უშინაარსო რა იყო?, მარტო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 2030-ში 3 მილიარდ დოლარს, რომ გადააჭარბებს?. რა გასულ წელს 942 მლნ დოლარს არ გადააჭარბა, რაც 84.5%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებლებს?, თუ ის არის არარეალური, რომ პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსდება 1300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა ჯამური ინვესტიცია 6 მილიარდ ლარს მიაღწევს?!
დანარჩენი აღარ მსურს აქ ჩამოვთვალო, ისედაც ნათელია პოზიციონირების ხასიათი, გულდასაწყვეტი კი ის არის, ადამიანები რომლებიც ამ წლების განმავლობაში ოცნების ნაწილი რომ იყვნენ, დეპუტატებიც „ოცნების“ სიითვე გახდნენ, ახლა საკუთარ თანამონაწილეობას რატომღაც აიგნორირებენ მიღწეულ პროგრესში, თორემ „ნაციონალების“ ორბიტაზე მყოფი პოლიტ-სუბიექტებიდან არც არის გასაკვირი. ამ ტიპის პოზიციონირებით პარტია, რომელსაც აქვს მზარდი ამბიცია გახდეს წამყვანი პოლიტიკური ძალა და შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი, მხოლოდ წააგებს. უკვე დავწერე და განვმეორდები - ყოფილი პრემიერის პარტიის მომავლის პერსპექტივა ალტერნატიულ შემოთავაზებებზე იქნება დამოკიდებული და არა წარსულის თუ „ნაციონალების“ სტილის გადამღერებაზე“, - წერს ცუცქირიძე.