logo_geo
eng_logo
დიდნაურის ნაქალაქარი - კულტურის მინისტრი უნიკალურ აღმოჩენას დაათვალიერებს
- +

19 ივლისი. 2016. 19:02


20 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტეში, დიდი შირაქის ველს (ქვემო ქედის გზაზე. 9 კმ) ეწვევიან და დიდნაურის ნაქალაქარს დაათვალიერებენ.


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა.


ნაქალაქარი, რომელიც სატელიტური ფოტოების გაშიფვრის შედეგად აღმოჩნდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დიდი შირაქის ველის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ივრის ზეგნის ამ მონაკვეთში, გეოგრაფიულად, დიდი შირაქის, პატარა შირაქისა და ზილიჩის ნაყოფიერი ველებია - ველებს ირგვლივ მთაგორებზე ორმოცდაათი მცირე დასახლებაა, რომელიც XII-IX სს. თარიღდება.


რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, ბრძოლაში დაღუპული მხედართმთავრის სამარხი გაითხარა. მუცლის არეში ჩონჩხს აღმოაჩნდა ისრის პირი, რომელიც არ არის კავკასიური წარმომავლობის. ასევე, მას ზურგთან აქვს ბრინჯაოს მახვილი (ძვ.წ.აღ-ის XIII ს.).


სატელიტური გადაღებებისა და მცირე გათხრითი სამუშაოების მიხედვით, ნაქალაქარი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ზომისაა; შვიდი მეტრის სიგანის გალავანი ქვის, თიხის და ხის კონსტრუქციებით არის ნაგები. გალავნის სიგრძე დაახლოებით 1.5 კმ-ია. ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დიდი ზომის ნაგებობებია (100X100 და 200X200 მეტრი მოცულობის).


ექსპედიციამ, ნაქალაქარის წყლის მომარაგების სისტემაც გამოავლენა; გალავნის სამხრეთი ნაწილის გათხრებისას, კარიბჭის მახლობლად, აღმოჩნდა ორი რიტუალური ნაგებობა, ე. წ. „შესაწირი მაგიდით", რომელსაც პარალელები ხეთურ სამყაროში ეძებნება, ასევე მიაკვლიეს ერთ საცხოვრებელ სათავსოს. დიდი რაოდენობით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის (ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ქვის საბრძოლო იარაღები, თიხის საბეჭდავები და ბრინჯაოს ნივთების ფრაგმენტები) მიხედვით, „დიდნაურის" ნაქალაქარი შეუცდომლად ძვ. წ. მეორე ათასწლეულის დასასრულით და ძვ. წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება.


2015 წელს, არქეოლოგიური სამუშაოები ნაქალაქარის მხოლოდ გარე პერიმეტრზე, სამხრეთ გალავნის კარიბჭესთან და ჩრდილოეთით მდებარე სამაროვანზე ჩატარდა; სამხრეთის გალავანთან გაიწმინდა კარიბჭე, მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა გალავანთან შეერთების კუთხე, სადაც შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები; აქვე გამოიკვეთა ვერტიკალურად მდგარი ორი ბოძის კვალი.


კარიბჭის შიდა არეში გამოვლინდა ქვის ნაგებობების ფრაგმენტები. პირველ თხრილში გაიწმინდა თავდაცვითი თხრილის მცირე მონაკვეთი, მოხერხდა მისი სრული პროფილის დადგენა. სამაროვნის ტერიტორია დაფარულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მდინარეული ნარიყი ქვითა და ღორღით. გარკვეულ მონაკვეთზე ქვიანი ფენის აღების შემდეგ გაითხარა ოთხი სამარხი. ინვენტარი აღმოჩნდა მხოლოდ ერთ სამარხში. ამ მასალის მიხედვით, სამარხებს ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით ათარიღებენ. ზოგადად, ნაქალაქარს, მოპოვებული კერამიკული მასალის საფუძველზე, ძვ.წ. XII-XI - VIII-VII სს. ათარიღებენ.


დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები წელსაც გაგრძელდება. მთლიანი კომპლექსის გამოკვლევამ, შესაძლოა, ძირეულად შეცვალოს დასკვნები ჩვენი წარსულის შესახებ და მრავალი საუკუნით გადაწიოს აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოს ჩამოყალიბების თარიღი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner