logo_geo
eng_logo
გიორგი-გუგა ჩხიკვაძე: რომანი „წითელი კლავიშები" ერთ ამოსუნთქვაში დავწერე
- +

29 ივნისი. 2021. 00:28

 

 

ქართველები ნიჭიერი ერი ვართ და ამის დასტური არაერთი ადამიანია, რომელიც გასცდა ამ პატარა ქვეყნის მასშტაბებს, დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი სხვადასხვა ქვეყნაში და ემიგრაციაში მყოფი, სამშობლოსგან შორს, ხელოვნების სხვადასხვა დარგში წარმატებას მიაღწია.

 

პიანისტი გიორგი-გუგა ჩხიკვაძე 21 წელია ემიგრანტია ამერიკაში, რომელიც ფლორიდის შტატში პალმ-ბიჩის კოლეჯის პროფესორია და ამავე დროს, საფორტეპიანო განყოფილებაზე, უამრავ ნიჭიერ ადამიანს ზრდის.

 

პიანისტი პანდემიის დროს ახალ საქმეს შეეჭიდა და სადებიუტო წიგნი „წითელი კლავიშები“ დაწერა. წიგნის მთავარი გმირის, ცნობილი პიანისტის, რევაზ ვაჩნაძის კარიერა 1930-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებს ეწირება. ქარცეცხლიანი, ინტრიგებით სავსე ცხოვრების ახალი ეტაპი კიდევ ერთხელ  გამოცდის მის პიროვნულ თვისებებს, მორალსა და ზნეობას.

 

გიორგი-გუგა ჩხიკვაძემ მედია ჰოლდინგ „რეპორტიორს“ მის კარიერაზე და სადებიუტო წიგნზე ესაუბრა.

 

 

- რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება 2000 წლებში მუსიკალური განათლება ამერიკაში მიგეღოთ, საქართველოს არ გაძლევდათ ამის შესაძლებლობას?

 

- საქართველოში, ნიჭიერთა ათწლედში არაჩვეულებრივი  მუსიკალური განთლება მივიღე. 2000 წელს, საზაფხულო მუსიკალურ ფესტივალზე მიმიწვიეს, „ინტერლოქენის” ხელოვნების აკადემიაში, დავუკარი რამდენიმე საპორტეპიანო კონცერტი. ( აშშ, მიჩიგანი) იქ თავი გამოვიჩინე და შემომთავაზეს დარჩენა და სწავლის გაგრძელება. რთული გადწყვეტილება იყო საკმაოდ ნორჩ ასაკში,მაგრამ ამერიკის გზა ავირჩიე.

 

 

 

- არაერთი ხელოვანი და მათ შორის თქვენც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავთ, რომ ქართული აუდიტორიის წინაშე წარდგენა ბევრად რთულია, ვიდრე სხვა ქვეყნის სცენაზე... რას მიიჩნევთ ამის მიზეზად, ქართველი მსმენელის მეტწილად მუსიკისადმი ცოდნას?

 

- ქართველი მსმენელი საკმაოდ მუსიკალურია ბუნებით, ინსტიკტურად განასხვავებს კარგს და ცუდს, ასევე მას ხშირ შემთხვევაში აქვს დიდი გამოცდილება, მოსმენილი ჰყავს უდიდესი მუსიკოსები, აქვს მუსიკალური განათლება მიღებული, ასე რომ, ის მხოლოდ უმაღლესი ხარისხის შესრულებას მიიღებს გულთან.

 

-  დიდი ხანია ემიგრანტი ხართ, როგორც მუსიკოსი, ქართული მუსიკის პოპულარიზაციას თუ ეწევით, როგორი დამოკიდებულება აქვს უცხოურ მსმენელს ქართული მუსიკისადმი?

 

- აბსოლიტურად ყველა ჩემს კონცერტში დაახლოებით 20 წუთს ვუთმობ ქართველ კომპოზიტორების ნაწარმოებებს. ამერიკელი მსმენელი გიჟდება ყანჩელის მინიატურებზე, ხშირად  კონცერტის შემდეგ ნოტებსაც კი მთხოვენ.

 

პანდემიამდე ერთ კონცერტში რევაზ ლაღიძის "მუსიკალური მომენტი" შევასრულე, რამაც დიდი წარმატება მოიპოვა ფესტივალზე.

 

ასევე პალმ- ბიჩის კოლეჯში  ჩემი მოწაფეების რეპერტუარში ყოველთვის არის ქართული კომპოზიციები.

 

 

- ახალ საქმეს შეეჭიდეთ და წიგნი დაწერეთ - „წითელი კლავიშები“, რამ განაპირობა ამ წიგნის დაწერის იდეა?

 

- მთელი ცხოვრება ვწერდი და ვწერ, ასევე ვარ საკმაოდ მადიანი მკითხველი. პანდემიის დროს მომეცა ბევერი თავისუფალი დრო და რომანი "წითელი კლავიშები" ერთ ამოსუნთქვაში დავწერე.

 

რეპრესიების თემა ყოველთვის მაწუხებდა,  ამ წიგნში ვთვლი რომ ვთქვი ჩემი სათქმელი 1930-იანების ეპოქაზე. ქართულ ლიტერატურაში პირველი წიგნია, სადაც აღწერილია ხალხის ფიზიკური წამება. რეპრესირებულ პიანისტზე მგონი არაფერი არ დაწერილია საერთოდ, არადა ძალიან ბვერი მუსიკოსი და ხელოვანი შეიწირა სტალინის ეპოქამ საქართველოში.

 

- წიგნში აღწერილია სტალინის ეპოქა, სადაც წიგნის მთავარი პერსონაჟი - პიანისტი, არაერთი რეპრესიას გაივლის, თუმცა ფიზიკურად გადარჩება... როგორ ფიქრობთ, ხელოვნებამ შეიძლება გადაარჩინოს ადამიანი?

 

- წიგნში ბევრი გზავნილია ადმიანურ ურთიერთობებზე, სიყვარულზე, იმ დორინდელ ეპოქაზე, მაგრამ მთვარი გზავნილი ალბათ ის არის რომ ნიჭიერ ხელოვანს, რომელსაც თავისი საქმე ფანატიკურად უყვარს, ვერანაირი ცხოვრებისეული დაბრკოლება შეაჩერებს.

 

- საქართველოსთან მიმართებაში თუ გაქვთ სამომავლო გეგმები, აპირებთ დაბრუნებას?

 

საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ. მაქვს  სამომავლო გეგმები წიგნის და ასევე მუსიკალური შემოქმედების ფარგლებში. საერთო დაბრუნებას თუ გულისხმობთ დავბრუნდები შორეულ მომავლში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner