1-ლი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ ბაზა ბრუნდება. ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია პირველ ეტაპზე, ეპიდსიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.
ჯამში, ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ევროპაში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა 9 ქვეყნის 14 მიმართულებით იქნება შესაძლებელი. ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 153 ფრენა პირდაპირი რეგულარული რეისით შესრულდება. აქედან, 111 პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით, ხოლო 42 ცენტრალური აზიის მიმართულებით შესრულდება. ორივე ავიაკომპანია, როგორც ვიზეარი, ისე FLYARYSTAN ეტაპობრივად, ზაფხულის სეზონზე როგორც მიმართულებების, ისე სიხშირეების გაზრდას გეგმავს.