„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი ოპოზიციური სპექტრის საარჩევნოდ გაერთიანებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული შეთავაზება „პატრიოტთა ალიანსისგან" უკვე მიიღეს. როგორც ახვლედიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" კონსულტაციებს გაივლის სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და ამის შემდეგ გადაწყვეტს, შევიდეს თუ არა ოპოზიციურ კოალიციაში.
„ჩვენ ვიცით ამ შემოთავაზების შესახებ. თუმცა, თავად ეს შემოთავაზება საჭიროებს ძალიან ბევრ კონკრეტიკას, სერიოზულ დახვეწას. საუბარია, რომ გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური პარტია, გარდა „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობისა" და შევქმნათ გაერთიანება, რომელიც აპრიორი გაიმარჯვებს არჩევნებში და გამარჯვების შემდეგ ეს კოალიცია შეცვლის საკანონმდებლო ხარვეზებს, მაგალითად, საარჩევნო სისტემაში, შემდეგ დაიშლება, გამოვა პარლამენტიდან და ჩაატარებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ამ არჩევნებში კი ყველანი მივიღებთ ინდივიდუალურად მონაწილეობას. შესაძლებელია, დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ თემაზე", - აღნიშნა ახვლედიანმა.
თუმცა, ახვლედიანი აქვე აცხადებს, რომ საკითხი დახვეწას საჭიროებს და არსებობს კითხვები, რომლებსაც იდეის ინიციატორებმა პასუხები უნდა გასცენ.
„ძალიან ბევრი რამ საჭიროებს დახვეწას და კონკრეტიკას. რამდენად დათანხმდება ამას მთელი პოლიტიკური სპექტრი, საკითხავია. საინტერესოა, გამოვა თუ არა ის პარტია პარლამენტიდან, რომელსაც ახლა არანაირი მოხვედრის შანსი არ აქვს. რა მოხდება, თუ ვერ გაიმარჯვა კოალიციამ და აღმოჩნდა, რომ ვერ ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას? მაშინაც გამოვა პარლამენტიდან და დატოვებს ხელისუფლებას? რა მოხდება, თუკი საერთოდ 50 %-ზე მეტს ვერ აიღებს? ძალიან მოუმწიფებელია ეს თემა. თუკი ამ იდეის ინიციატორები გაცილებით ნაკლებ კითხვის ნიშანს დატოვებენ, ამ თემაზე მსჯელობა და საუბარი შესაძლებელი იქნება", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.