logo_geo
eng_logo
სერგო ვარდოსანიძე: სულ მიწიერი მესიის ძებნაში ვართ, გავურბივართ საკუთარ პასუხისმგებლობას...
- +

30 ივნისი. 2021. 02:16

 

განსჯისათვის

 

15-18-ე საუკუნეებში საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, ერთი მცხეთის საკათალიკოზოს ნაცვლად გაჩნდა: ლიხთ-იმერეთის და აფხაზთა საკათალიკოზო, მცხეთის საკათალიკოზო, მესხეთის საკათალიკოზო (მაწყვერელი მზეჭაბუკმა კათალიკოზის ხარისხში აიყვანა), მეჩვიდმეტე საუკუნეში კახთა მეფეებს სურდათ ალავერდელის გაკათოლიკოზება, მეთვრამეტე საუკუნეში მცირე ხნით ლიხთ-იმერეთის და აფხაზთა კათალიკოზი ბესარიონ ერისთავი იმერთა მეფე სოლომონისაგან დევნილი ოდიშის კათალიკოზად იწოდებოდა.

 

ოსმალთა მიერ დაპყრობილ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მართლმადიდებელ ქართველებთან ერთად გაჩდნენ: კათოლიკე, მონოფიზიტი და მაჰმადიანი ქართველებიც. შუა საუკუნეებში მაჰამდიანი ქართველები შიიტები ირანზე ,სუნიტები ოსმალეთზე იყო ორიენტირებული, კათოლიკენი თავის თავს ფრანგებს უწოდებდნენ, მონოფიზიტები ეჩმიაწინს და სტამბულის სომხურ საპატრიარქოს ემორჩილებოდნენ, მეჩვიდმეტე საუკუნეში იტალიელ და ფრანგ კათოლიკეებს საქართველოში ჩაენაცვლნენ სომეხი კათოლიკენი, რომელნიც აიძულებდნენ მოსახლეობას სომხურ ტიპიკონზე გადასვლას, მეცხრამეტე საუკუნეში ქართულ მართლმადიდებლობას რუსული პრავოსლავნიკები ჩაენაცვლნენ.,

ქართველმა ერმა დაკარგა გამაერთიანებელი საყრდენი, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკლესიურად და დაადგა დენაციონალიზაციის გზას. ჩვენმა მეზობელმა სომხებმა მეთერთმეტე საუკუნეში დაკარგეს სახელმწიფოებრიობა, მაგრამ ერის კონსოლიდაციის წყარო გახდა სომხური სამოციქულო ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ სომხურ სამოციქულო ეკლესიას აქვს ორი საკათალიკოსო (ეჩმიაწინი და კილიკიის), ორი საპატრიარქო (იერუსალიმის და სტამბულის), კათოლიკე სომხებმა მოახერხეს მეთვრამეტე საუკუნეში შექმნეს კათოლიკური სომხური საპატრიარქო (ლიბანში). როდესაც საქმე ეხებოდა და ეხება სომეხი ხალხის ეროვნულ იდენტობას, ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს ისინი ერთად იცავენ.

 

2015 წელს სომეხთა გენოციდის 100 წლისთავზე მათ მოახერხეს ვატიკანში რომის პაპთან ერთად გადაეხადათ გენოციდისადმი მიძღვნილი პანაშვიდი, სადაც მილიარდ ხუთასმილიონიან პაპის სამწყსოს სომხურად მიმართა ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ, ინგლისურად კილიკიის სომეხთა კათალიკოსმა არამ პირველმა, არაბულად იერუსალიმის სომეხთა პატრიარქმა ტორკომმა, იტალიურად სომხური კათოლიკური ეკლესიის პატრიარქმა პედროს მეთვრამეტემ. სომხურმა ეკლესიამ გენოციდის საკითხზე თურქეთს მოუგო იდეოლოგიური ომი. სომხების პრაგმატიზმი კარგად გამოჩნდა ახლახან ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც მათ ნდობის მანდატი კვლავ ნიკოლ ფაშინიანს მისცეს.

და კიდევ... მსოფლიოს სხვადსხავა ქვეყნებში გაფანტული სომეხი სასულიერო პირები ვალდებულნი არიან: წელიწადში ერთხელ მღვდელი, ორჯერ ეპისკოპოსი, სამჯერ კათალიკოსი და პატრიარქი ერთი კვირით ესტუმრონ თავიანთ ისტორიულ სამშობლოს, დარჩნენ ეჩმიაწინში, სადაც მათთვის სომხური ეკლესიისაგან აშენებულ უფასო სასტუმროში იქნებიან, ადგილის დედის, სომხური ეკლესიის თაყვანისცემით ძალმიცემულნი თავიანთ სამწყსოში კიდევ უფრო აძლიერებენ დედასამშობლოს სიყვარულს და მისი მსახურების სურვილს.

 

ჩვენ ?

არასოდეს ეს ერთობა არ გვქონია და არ გვაქვს, სულ მიკვირს როგორ შეძლო ილია ჭავჭავაძემ ორ გუბერნიადქცეულ საქართველოში ერის აღორძინება "მამული, ენა, სარწმუნოების"დროშის ქვეშ? როგორ მოახერხა გარუსებული პრავოსლანიკებიდან საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოსურნე თავდადებულ სამღვდელოების გაერთიანება? მაგრამ ქართველები ასეთ გამაერთიანებლებს ვერ გავუფრთხილდით, ჯერ ილია მოკლეს, მერე კათალიკოზი კირიონი, შემდეგ უნივერიტეტის დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილი გააძევეს უნივერსიტეტიდან, ბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობის გამომცხადებელ პრეზიდენტს როგორ მოვექეცით?

ჩვენ ემოციებით ვმოქმედებთ. 98 % არჩეული გამსახურდია, ლამის 98 % არჩეული შევარდნაძით ჩავანაცვლეთ...სულ მიწიერი მესიის ძებნაში ვართ, გავურბივართ საკუთარ პასუხისმგებლობას...

ქართველმა ერმა  განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, თუ არ გაიაზრა ამ მშფოთვარე, ურთულეს ეპოქაში რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწფოებრივი ერთიანობის, ჩვენი იდენტობის დასაცავად, საეჭვოა გავუძლოთ ამ გამოწვევებს.

ვისწავლოთ ებრალელბისაგან, ვისწავლოთ სომხებისაგან, დავიცვათ ჩვენი წინაპრებისაგან სისხლით მორწყული ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი სამშობლო, ისტორია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner