logo_geo
eng_logo
თურქეთის პრემიერ-მინისტრი: თურქეთს და საქართველოს გააჩნია ისტორიული კავშირები!
- +

20 ივლისი. 2016. 00:51


„პრემიერ-მინისტრის სახით, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას თურქეთის სახელმწიფოსა და თურქი ხალხის მხარდაჭერისთვის", - ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს ოფიციალური ვიზიტისთვის, რაც თურქეთში განხორციელებული მოვლენების ფონზე საქართველოს მხრიდან გამოვლენილ უდიდეს მხარდაჭერად შეაფასა. ბინალი ილდირიმის თქმით, ამბოხების პირველივე საათებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქ ხალხს გამოუცხადა მტკიცე მხარდაჭერა.



თურქეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, თურქეთი მზად არის გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან და ხელი შეუწყოს სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას.



"ინდიკატორი იმ პოტენციალისა, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს გააჩნია, არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. ჩვენ მოგვეცა საშუალება, დაგვეფუძნებინა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო. იმ შეთანხმებებით, რასაც დღეს მოეწერა ხელი, ერთი ნაბიჯით მაღალ საფეხურზე ავიდა ჩვენი ურთიერთობები. ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ეს არის საქართველოს ხალხის სოლიდარობის გამოხატულება თურქი ხალხისადმი იმ მოვლენების ფონზე, რაც ვიხილეთ," - აღნიშნა ბინალი ილდირიმმა.



მისივე თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საინვესტიციო პოტენციალის განვითარების პერსპექტივებს, დაგეგმილ და სამომავლო პროექტებს, აბრეშუმის გზის ისტორიულ პროექტს.



"თურქეთს და საქართველოს გააჩნია ისტორიული კავშირები, ჩვენ გავედით სტრატეგიული თანამშრომლობის დონეზე. ჩვენი ურთიერთობა ევროინტეგრაციის მიმართულებითაც საინტერესოა, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რასაც მივაღწიეთ ორმხრივი ურთიერთობებში. საქართველომ აღნიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი - ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის პერიოდი. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და დღეს იგი განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების რიგებშია. ეს წინსვლა უკავშირდება ჩემს კოლეგას და მის გუნდს,"-განაცხადა თურქეთის პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner