logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: გასტრონომიული სექტორის განვითარება მჭიდრო კავშირშია ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და წარმოების სტიმულირებასთან
- +

30 ივნისი. 2021. 12:18

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის წარმომადგენლებს, მსოფლიო პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატის ,,ბოკუზ დორ“ საქართველოს ბორდის წევრებსა და წამყვან შეფ-მზარეულებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე „ბოკუზ დორ - საქართველოს“ 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს და სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებაში აღნიშნული ჩემპიონატის და ზოგადად, გასტრონომიის როლზე იმსჯელეს.

 

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებისა და ავთენტური პროდუქტების წარმოჩენა-პოპულარიზაციის კუთხით, სარესტორნო სექტორის და განსაკუთრებით, შეფ-მზარეულების როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

 

„ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია პოპულარიზებას საჭიროებს. მისი სწორად წარმოჩენა, რეგიონულ დონეზე განსხვავებული სამზარეულოს სპეციფიკების მომხმარებლამდე მიტანა შეფ-მზარეულების მხარდაჭერით უნდა მოხდეს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ არაერთ უწყებასთან გასტრონომიული სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის, რადგან ეს მჭიდრო კავშირშია ქართული პროდუქტების პოპულარიზაციასთან, წარმოების სტიმულირების, სოფლის, აგროსექტორის და, რაც მთავარია, ღვინის სექტორის განვითარებასთან. ქვეყნებში, სადაც ქართული გასტრონომიის ელემენტები უკვე არსებობს, ქართული ღვინის ცნობადობა და პოპულარობა უფრო დიდია, რაც ქართული ღვინის სექტორის პროდუქციას რეალიზების დამატებით შესაძლებლობას აძლევს. შეიძლება ითქვას, რომ კულინარია კულტურული დიპლომატიის ნაწილიცაა. ჩვენ ერთობლივად უნდა შევძლოთ მისი გამოყენებით ქართული პროდუქციის წარმოჩენა-წახალისება როგორც შიდა ბაზარზე, ადგილობრივ მომხმარებლებში, ასევე საერთაშორისო დონეზე, ჩვენი ქვეყნის ვიზიტორებში. იმედი მაქვს, საქართველოში სარესტორნო სექტორი სწრაფად აღდგება და განვითარდება. თანამშრომლობით და სწორი კომუნიკაციით, ჩვენ შევძლებთ, ქართული კულინარიის და ზოგადად, გასტრონომიული კულტურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას და ქართველი შეფების მხარდაჭერას, რაც, საბოლოოდ, ჩვენ მთავარ მიზანს, დარგის განვითარებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

შეხვედრის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ ხარისხის ნიშნის მიხედვით ნიშანდებული, საქართველოში წარმოებული სურსათის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და მომხმარებელთა ნდობის ამაღლების მიმართულებით, ასევე, პროდუქციის ბრენდინგის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის, მისი დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფის კუთხით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner